
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩაში სულ 7 ოჯახი ცხოვრობს. მათი ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობაა. ადგილობრივების თქმით, სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გზების მძიმე მდგომარეობაა . დაზიანებულია როგორც სოფელში შესასვლელი, ასევე შიდა გზები
სოფელი თახჩა მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, რაიონული ცენტრიდან 13 კილომეტრის მანძილზე, ზღვის დონიდან 1960 მეტრის სიმაღლეზე.
ანიუტა ეფრიკიანი თახჩას სოფლის მცხოვრებია, მრავალშვილიანი დედა, რომელსაც ექვსი შვილი ჰყავს.
„ძირითადად მეცხოველეობითა და ცხვრის მოშენებით ვართ დაკავებული. როგორც თავად ხედავთ, სოფელში ბევრი მიტოვებული სახლია, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ოჯახით, არ ვაპირებთ აქედან წასვლას. სადაც უნდა ვიყოთ, ვიმუშავებთ, ჩვენს სოფელში დავრჩებით, ვიმუშავებთ და ვიცხოვრებთ,“ – ამბობს ანიუტა ეფრიკიანი.
ერთდროულად ისიც აღნიშნავს, რომ მათთვის მზის პანელები გამოყვეს, რის გამოც ელექტროენერგიისთვის თანხას არ იხდიან.
შეგახსენებთ, რომ მზის პანელები ახალქალაქში 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა. პროგრამა განხორციელდა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ, „განახლებადი ენერგიის ხელშეწყობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის და UNDP-ის მხარდაჭერით.
ვლადიმირ აივაზიანი ჰყვება, რომ 2000-იან წლებში მათ სოფელში დაახლოებით 75 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დღეს მხოლოდ 7 ოჯახი დარჩა. მისივე თქმით, სოფლის სკოლის ყოფილმა დირექტორმა ერთხელ უთხრა, რომ თავად არის დამნაშავე სოფლის დაცარიელებაში.
„ჩემი ხელით გავანადგურე ჩვენი სოფელი. სკოლაში კარგად რომ არ მესწავლებინა, სოფელში დარჩებოდნენ და სოფელი არ დაცარიელდებოდა“, – ამბობს ვლადიმერ აივაზიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის უფლებამოსილი პირი შალიკო ელიზბარიანი აღნიშნავს, რომ სოფელ თახჩას ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარებულია.
„ბუნებრივი აირი, წყალი, განათება – ყველა საკითხი მოგვარებულია. ძირითადად, ზამთარში იყო გზების პრობლემა, მაგრამ წელს ჩაკეტილი გზები არ იყო. მათ გასაწმენდად აუცილებელი სამუშაოები ჩავატარეთ“, – ამბობს შალიკო ელიზბარიანი.
მან ასევე დაამატა, რომ წელს სოფელ თახჩაში თოვლის საწმენდი სამუშაოები 12-ჯერ ჩატარდა.
იგეგმება თუ არა სოფელ თახჩასკენ მიმავალი გზის მოასფალტება, როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის მსგავსი პროექტი არ არსებობს.
წაიკითხეთ ასევე:
სოფელი თახჩა 12 მეურნეობით გაზით მომარაგდება
ლურჯი საწვავი სოფელ თახჩის მცხოვრებთათვისაც არის ხელმისაწვდომი
გევორგ ჯანოიან