ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესა და ბორჯომის მერს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესა და ბორჯომის მერს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

„ლევან ლიპარტიას ბრალი სსკ-ის 338-მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითია და სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილის- სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, ხოლო მათთან ერთად დაკავებულ მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილს – სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით,“- აცხადებენ პროკურატურაში.

ამასთან, ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში ლევან ლიპარტია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებთ. გამოძიება მას, თუ არ ვცდები, 8 თვის წინანდელ ფაქტობრივ გარემოებას ედავება. ჩვენ მასალებს გავეცნობით და ამის შემდეგ ჩვენს პოზიციას საზოგადოების, სასამართლოს წინაშე დავაფიქსირებთ“, – განუცხადა გაგი მოსიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს 15:00 საათზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე