Armenian      Russian

მნიშვნელობა არ აქვს სწავლა როდის დაიწყება – პირველ თუ 15 სექტემბერს, ამ დღეს ელოდებიან ბავშვებიც და მშობლებიც. აღუწერელია ბავშვის განცდა, რომელსაც პირველად, სადღესასწაულოდ გამოწყობილს, ვარდებით ხელში, სკოლაში მიეჩქარება… განათლების აუცილებლობის შესახებ JNEWS -ი იურისტ ანდრანიკ მინასიანს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის “საუკეთესო სტუდენტს” ესაუბრა.

ანდრანიკი ყვება, რომ განათლებისადმი სიყვარული მას ბავშვობიდან ჰქონდა. მშობლებს აქვთ უმაღლესი განათლება და მის ოჯახში განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

“მე, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ყველამ უნდა მიიღოს მაგისტრის, ან ასპირანტის ხარისხი, ან უმაღლესი განათლება, მაგრამ თითოეულ ადამიანს, ჯარისკაცს, სპორტსმენს, ან უბრალო დიასახლისს, ელემენტარული განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული, სამყაროს, საკუთარი ქვეყნის, ხალხის და ისტორიის შესახებ წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. ჩვენს დროში ხშირად გვესმის ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განათლების არარსებობის შედეგია. განათლებული ადამიანი უფრო მეტად გაწონასწორებული და ტოლერანტულია”, – ამბობს ანდრანიკი.

ის იხსენებს, თუ მრავალი წლის წინ, როგორ აწყდებოდა რიგ პრობლემებს სახელმწიფო ენის არცოდნის გამო.

“მე გადაწყვეტილი მქონდა ერევანში სწავლა, მაგრამ, რამდენიმე საინტეგრაციო პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ – გადავიფიქრე. მიუხედავად იმისა, რომ, არც ვიცოდი ქართული ენა, დარწმუნებული ვიყავი, რომ უმაღლესი განათლების მიღება საჭირო იყო თბილისში. ქართულ ენაზე სპეციალობის მიღება შეუძლებლად მეჩვენებოდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ საჭიროა მიზნის დასახვა, და, რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობა, რათა მას მიაღწიო”.

ანდრანიკი მოსწავლეებს და სტუდენტებს ურჩევს სირთულეებს არ გაექცნენ, პირიქით, მათ დახვდნენ, სკოლისა და უნივერსიტეტის გარეთ თვითგანათლებას მიაქციონ მეტი ყურადღება – იკითხონ, ბევრი იკითხონ და პროფესიის არჩევის დროს იხელმძღვანელონ არა მშობლებისა და ახლობლების, არამედ საკუთარი უპირატესობებით.

“საყვარელი საქმის კეთება – ეს მუშაობა არ არის, მისგან მხოლოდ სიამოვნებას იღებ, ხოლო მუშაობა არასწორად შერჩეული პროფესიით ორჯერ რთულია, განსაცდელებით არის სავსე. ამიტომ საჭიროა სულიერად ახლო გზით სიარული და არა ყველაზე მომგებიანით”, – ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ამ წლის საუკეთესო სტუდენტი.

ანდრანიკ მინასიანი ამჟამად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (GYLA) მუშაობს, ის სხვადასხვა თანამდებობას იკავებს. ახლა ის ორგანიზაციის თბილისის ოფისში იურისტად მუშაობს.

ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) წევრია 2018 წლის მარტიდან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრია იმავე წლის დეკემბრიდან. სპეციალიზებულია ბავშვთა უფლებების სფეროში.

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა და მიიღო უფლებათა მაგისტრის აკადემიური საფეხური.

მიუხედავად იმისა, რომ ანდრანიკს დღეს ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს, ის კითხულობს და თვითგანათლებით არის დაკავებული.