ახალქალაქის მერიაში ამჟამად კადრების ცვლილება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არ არის. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ნინოწმინდის მერიაში კადრების ცვლილება განხორციელდა, ადამიანებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მერიაში მუშაობდნენ, სამსახური საკუთარი ნებით, ერთდროულად დატოვეს.

როგორც JNEWS-მა, რამდენიმე დღის წინ გაცნობათ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები სამსახურს მასობრივად ტოვებენ. სამსახურიდან წავიდა ის ხალხი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მერიაში და მმართველი პარტიის დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაახლოებული პირები იყვნენ. რეგიონში პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცნობილი გახდა, რომ ენზელ მკოიანი მართველი პარტიის მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბოლო დროს, მერიაში წმენდა მიმდინარეობს. ყველაფერი კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, სამსახური საკუთარი ნებით დატოვეს, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, მერიაში დასაქმებულები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მოსახლეობას აწუხებს კითხვა, იქნება, თუ არა მსგავსი წმენდა ახალქალაქის მერიაშიც, რაზეც ახალქალაქის მერმა იურა უნანიანმა განაცხადა, რომ ამჟამად, სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის შემთხვევები არ არის.

“ჩვენთან არ არის საკუთარი ნებით სამსახურის დატოვების შემთხვევები, მსგავსი შინაარსის განცხადებები არ შემოსულა. ვერ გეტყვით ამ დროისთვის რა ვითარებაა, მაგრამ ჩვენთან, სოფლის სპეციალისტებთან ხელშეკრულების ვადები იწურება და გადავწყვეტთ, შეიძლება, ზოგიერთს ხელშეკრულება არ გაუგრძელოთ. ხელშეკრულებები ჯერჯერობით არავისთან გაგვიფორმებია. ნინოწმინდის მსგავსი ცვლილებები ვფიქრობ, ჩვენთან არ იქნება”, – კომენტარი გააკეთა ახალქალაქის მერმა, იურა უნანიანმა.

შეგახსენებთ, გახდა ცნობილი, რომ ხელშეკრულების ვადები მუნიციპალიტეტებში 10-უფლებამოსილ პირს ამოეწურა. ჩვენი ინფორმაციით, სამსახური დატოვა მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა ჟორა სნხჩიანმა, სოციალური მომსახურების უფროსმა არაგეხეციკ სანოიანმა, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ლაურა ვარჟაპეტიანმა, კომუნალური მომსახურების დირექტორმა მელს მნაცაკანიანმა, მერიის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტმა საიათ გიულასარიანმა, ასევე, მერიის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის განყოფილების სპეციალისტმა, ანდრანიკ ტევანიანმა.