Armenian      Russian

არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2016-2019 წლებში ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ანაზღაურების სახით ჯამურად 654 936 ლარი მიიღო. აქედან თანამდებობრივი სარგო 444 159 ლარია, ხოლო დანამატი/პრემიის სახით სულ – 210 776 ლარი. ამგვარად, ჟვანიამ მოცემულ პერიოდში პრემიისა და დანამატის სახით, ხელფასის 47% მიიღო.

2016 წელს ჟვანიამ ანაზღაურების სახით ჯამურად 197 307 ლარი მიიღო, საიდანაც 95 709 ლარი დანამატისა და პრემიის სახით იქნა გაცემული. ამ წელს ცესკოს თავმდჯომარემ დანამატი/პრემია უკლებლივ ყველა თვეში მიიღო.

ჯამური ანაზღაურების მოცულობით თავმჯდომარეს მცირედით ჩამორჩა მისი მოადგილე. 2016-2019 წლებში გიორგი შარაბიძემ ანაზღაურების სახით ჯამურად 582 574 ლარი მიიღო. აქედან პრემიისა და დანამატების წილი 183 784 ლარს შეადგენს, ხოლო თანამდებობრივი სარგოს წილი 398 784 ლარს.

აქაც განსაკუთრებით საყურადღებოა 2016 წელი, ამ წელს შარაბიძემ ჟვანიას მსგავსად დანამატისა და პრემიის სახით პრემია ან დანამატი უკლებლივ ყველა თვეში მიიღო. მაშინ შარაბიძემ ჯამურად, ანაზღაურების სახით, 168 607 ლარი მიიღო, საიდანაც დანამატისა და პრემიის წილი 94%-ს აღემატება და 81 787 ლარს შეადგენს.

ჯამურად ამ წლების განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ ანაზღაურებამ 1,2 მილიონ ლარს გადააჭარბა.