Armenian      Russian

20 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს მცხოვრებლებმა ქურდობის ფაქტი შენიშნეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

“ეს სახლი ჩემს ბაბუას ეკუთვნის. ისინი რუსეთში 10 წლის წინ წავიდნენ. ახლა სახლში არავინ ცხოვრობს. მე ვსარგებლობ, კარტოფილს ვინახავ ხოლმე იქ, მაგრამ უკვე მთლიანად გავყიდე. დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, მეუღლესთან ერთად გავიარეთ სახლთან და შევნიშნეთ, რომ კარი ცუდად იყო დახურული. შევედით და ეს ვითარება დავინახეთ”, – აცხადებს სოფელ ხულგუმოს მცხოვრები ვიქტორ მურდარიანი.

ვიქტორმა ღიმილით ჩამოთვალა ყველა ის ნივთი, რომელიც მოიპარეს.

“პლასტმასის სათლი, ალუმინის 2 თასი, ორი 40-ლიტრიანი ალუმინის ქვაბი, ჩაქუჩი, ცელი და ნაჯახი”, – ჩამოთვალა მან.

ვიქტორის ვერსიით, მძარცველები სავარაუდოდ, კარიდან შევიდნენ, რადგან შეამჩნია, რომ ის ნახევრად იყო მოხურული. ეჭვი არავიზე აქვს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის “ბ” პუნქტის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს “ძარცვას, შენობაში, ან სხვა საცავში უკანონოდ შეჭრას” და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.