დღეს, 29 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, შუადღისას, დაახლოვებით 15:30 საათზე დეპუტატ ენზემ კოიანის სახლთან სროლის ხმა გაისმა. სროლის შედეგად არავინ არის დაშავებული. როგორც ირკვევა, ისროლეს ორივემ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ენზელ მკოიანმა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შსს-მ გამოძიება ორი მუხლის თანახმად დაიწყო.
კვლავ უცნობი რჩება დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ მკოიანებისა და პეტროსიანების ოჯახებს შორის წლებია უთანხმოება არსებობს.
2016 წლიდან, როდესაც ახლაქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები გაერთიანდა, ჯავახეთიდან მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა წარდგენილიყო. სამოქალაქო უთანხმოება ამის შედეგად გაიზარდა. მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქისა და ნონიწმინდის ერთადერთ მაჟორიტარ დეპუტატად ჰენზელ მკოიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო სამველ პეტროსიანმა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო, ახალქალაქში მომხდარი ინცინდეტის შედეგად, მისი შვილისათვის წინასწარ დაპირებული მანდატი ვერ მიიღო.
ადგილობრივი გარჩევები: დაპირისპირება ახალქალაქში პეტროსიანებსა და მკოიანებს შორის მოხდა