26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის სახლთანგასროლის ხმა გაისმა . დაზარალებულები არ არიან. როგორც გაირკვა, პარლამენტის ახლანდელი დეპუტატი ენზელ მკოიანიც და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანიც ისროდნენ. ორივე ამტკიცებს, რომ მოჩხუბრების დამშვიდების მიზნით ჰაერში გაისროლეს. თვითმხილველები სხვა ვერსიაზე საუბრობენ…

26 მარტს, თავისუფლებისა და ჯავახიშვილი ქუჩების კვეთაზე, ენზელ მკოიანის სახლთან და სამველ პეტროსიანი სასტუმრო კომპლექსთან, მომხდარი სროლების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული. გამოძიების დეტალებზე დაწვრილებით იხილეთ მასალაში“სროლა ახალქალაქში: გამოძიება “ძალადობის” და “ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების” მუხლით მიმდინარეობს».

სამველ პეტროსიანს, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, არ სურს გუშინდელი ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთება.

” მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს ობიექტურად, მე დეტალურ კომენტარს ვერ მოგცემთ. სწორი იქნება, თუკი გამოძიების დასრულებას დაველოდებით, და თუკი დაგაინტერესებთ, მერე გავაკეთებ კომენტარს”.

თუმცა, კითხვაზე, კონფლიქტი რამ გამოიწვია? მან გვიპასუხა.

“კამერებმა ყველაფერი დააფიქსირა, იქ, ჩანს, ენზელმა, რამდენჯერ ისროლა და მე, რამდენჯერ ვისროლე, ჩემამდე ვინ ისროდა, ყველაფერი ჩანაწერში არის. ინციდენტი ენზელის სახლთან არ მომხდარა, არამედ ჩვენს კაფესთან, ეზოში. ენზელის შვილი, მისი ძმისშვილი 3-4 ადამიანთან ერთად მოვიდნენ ჩემს ბიჭთან ძმურად, კულტურულად სალაპარაკოდ, ლაპარაკობდნენ კონფლიქტის გარეშე. ურთიერთობის გარკვევა უნდოდათ. ამ დროს მოვიდა ძმა 5-6 მანქანით, რომელიც ხალხით იყო სავსე, ისინი გამოვიდნენ და გინებით თავს დაესხნენ გევორქს (პეტროსიანის ვაჟი). ყველაფერი ასე დაიწყო”,- ამბობს სამველ პეტროსიანი.

კითხვაზე თუ ვინ ისროდა, მან გვიპასუხა:

“მე ჰაერში ვისროლე, არ ვიცი, ვინ ისროლა პირველმა, ზუსტად ამ სროლით დაიწყო ყველაფერი, ყველაფერი ჩანაწერში ჩანს. მე ბოლოს მოვედი და ჰაერში გავისროლე, რომ ჩემი შვილისთვის დაენებებინათ თავი, რადგან ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანი და მისი ბიჭი”, – ამბობს სამველ პეტროსიანი.

ენზელ მკოიანი გუშინდელი დღიდან Jnews-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა TV9-ს ინტერვიუში მან თქვა, რომ “იძულებული იყო ჰაერში გასროლა განეხორციელებინა, რომ ვითარება განემუხტა”, და კიდევ – “კადრში ჩანს, რომ ჩემი მიმართულებით ისვრიან”, – ამბობს დეპუტატი.

ინციდენტის დროს ხალხმრავლობა იყო. ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ არ უნახავს ვინ სად ისროდა, მაგრამ იარაღი შეამჩნია მკოიანის ხელშიც და პეტროსიანის ხელშიც. სხვა თვითმხილველი ამტკიცებს, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისგან შორს იყვნენ, ზოგი გზაჯვარედინის ერთ მხარეს, ზოგი საპირისპირო.

ადამიანი, რომელმაც შემთხვევის ადგილის ვიდეოჩანაწერები ნახა, ყვება, რომ იმ დროს, როდესაც სროლა დაიწყო, ყველაფერი აირია, მაგრამ ჩანაწერში ჩანს, როგორ ისვრიან ენზელ მკოიანის მიმართულებით და ის მსროლელისკენ, სამველ პეტროსიანისკენ, მიემართება. იქამდე, სანამ სროლა დაიწყებოდა, გარჩევა პეტროსიანის ბიჭსა და მკოიანის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს შორის თითქმის მოგვარებული იყო.

“როდესაც პეტროსიანს 4-5 გასროლის შემდეგ, იარაღმა უმტყუნა, მაშინ მკოიანმა, რამდენჯერმე ჰაერში ისროლა”.

ჩანაწერები სავარაუდოდ, გამოძიებას გადაეცა და იმის აღდგენა, თუ რა მოხდა, შესაძლოა არც ისე რთული იყოს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მკოიანისა და პეტროსიანის ოჯახებს შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა არსებობს. ხოლო 2016 წლიდან, როდესაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქები გააერთიანეს და საბოლოოდ ჯავახეთში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს, პოლიტიკური უთანხმოება გამძაფრდა. მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქისა და ნინოწმინდის ერთიან მაჟორიტარ დეპუტატად ენზელ მკოიანი დაასახელა, ხოლო სამველ პეტროსიანი, რომელიც პარტია “ნაციონალური მოძრაობის”დეპუტატი იყო (2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე) შვილისთვის დაპირებული მანდატი ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვერ მიიღო.