გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი გაეზრდებათ.

თანამშრომლებზე ხელფასის 500 ლარით მომატების შესახებ ირაკლი შოთაძემ გუშინ, 25 თებერვალს ისაუბრა.

მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბაკურ აბულაძე წარადგინა.
თავდაპირველად მან მუშაობა სტაჟიორ-პროკურორად დაიწყო და სხვადასხვა დროს რაიონულ და თბილისის პროკურატურებში მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე.