20 თებერვალს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, 2018 წლის 30 ოქტომბერს, პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პირვანდელი ჩვენება შეცვალა. მორიგი სასამართლო სხდომა მკოიანების საკითხთან დაკავშირებით 2 მარტს შედგება.

სხდომას ესწრებოდა ყველა ეჭვმიტანილი: კარაპეტ მკოიანი, ედუარდ მკოიანი, არარატ ამბარიანი, ანდრანიკ კარსლიანი და მარტუნ მკოიანი.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ამრაამ აბრაამიანმა, სასამართლოს დარბაზში საკუთარი პირვანდელი, 2018 წლის, ჩვენება შეცვალა.

“მე ვამტკიცებ, რომ ჩემი ჩვენება რჩება უცვლელი, ანდრანიკ კარსლიანზე ინფორმაციის გარდა. ამ ინციდენტამდე არ ვიცნობდი ანდრანიკს. მახსოვს, რომ ვინც მცემდა, მათ შორის იყო მაღალი პიროვნება. მე ამიხსნეს და მომეჩვენა, რომ ეს იყო ანდრანიკი, თუმცა შემდეგ, როდესაც მე ვნახე ანდრანიკი, მივხვდი, რომ ეს არ იყო თვითონ. ის მაღალი ადამიანი, ვინც მე მირტყამდა, არ იყო ახალქალაქიდან, მე მას არ ვიცნობ”,- ასეთი ჩვენება მისცა დაზარალებულმა.

აღსანიშნავია, რომ ანდრანიკ კარსლიანი არ აღიარებს მის წინააღმდეგ ბრალდებებს. მისი თქმით, ის არ მონაწილეობდა მასობრივ ჩხუბში.

30 ოქტომბერს ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” შტაბბინასთან მასობრივი შეკამათება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დეპუტატ ენზელ მკოიანის ახლობლები, მომხრეები და შტაბის აქტივისტები. საბოლოოდ 4 აქტივისტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

სასამართლო გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა 2 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საქმე აღძრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის N239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რომელიც საბოლოოდ ხელახლა კვალიფიცირებული იყო. ამჟამად სასამართლო 4 ეჭვმიტანილის საქმეს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის N120-ე მუხლით, რაც გულისხმობს “ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას”, ხოლო რაც შეეხება არარატ ამბარიანს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის N118-ე მუხლით, “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება”.