2020 წელს, კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში “ჩაკეტილები” აღმოჩნდნენ. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც საქართველოს მოქალაქებს შეუძლიათ ქართულ-სომხური გამშვები პუნქტის გადაკვეთა.

დღეის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ სომხეთში გადასვლა, რადგან კორონავირუსის გამო საზღვრები ოფიციალურად დაკეტილია. თუმცა, არის შემთხვევები გამონაკლისის სახით, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთა, თუმცა ეს მხოლოდ “სადახლო-ბაგრატაშენის” სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით არის შესაძლებელი.

როგორც JNEWS-ს სახელმწიფო ცხელი ხაზიდან შეატყობინეს, საქართველოს მოქალაქეებს ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთა გამონაკლისის სახით შეუძლიათ და ამისათვის აუცილებელია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას ან საქართველოში სომხეთის საელჩოს მიმართონ.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა, კერძოდ, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებმა საზღვრის გადაკვეთის ნებართვის მისაღებად საპატრულო პოლიციის სასაზღვრო საკოორდინაციო ოფისს უნდა მიმართონ. ამის შესახებ JNEWS-ს საქართველოს სასაზღვრო სამსახურიდან აცნობეს.

რაც შეეხება საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლას, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩამოვიდნენ, ან დაკრძალვაზე, ან სხვა ნებისმიერი მიზეზით, სახელმწიფოს ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და ჩამოსვლის მიზეზის შესახებ დოკუმენტი უნდა წარადგინონ, შემდეგ უნდა შეავსონ განაცხადი და საკონსულო განყოფილების ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნდა გააგზავნონ: consulinfo@mfa.gov.ge.

საქართველოდან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, პირს შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ჩამოსვლისას ის საკარანტინე ზონაში მოთავსდება, სადაც ჩაუტარდება ტესტი, რის შემდეგაც, ტესტის შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ადამიანს კარანტინში გადაყვანის შესახებ.