ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის მცხოვრებნი უკმაყოფილება გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, მრავალ წლის განმავლობაში მხოლოდ დაპირებებს ისმენენ. სოფელში ეს პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია.<!–more–>
სოფელ დადეშის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ, არც ერთი მათი პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. სოფელში დაახლოებით 160 ოჯახი ცხოვრობს. არ არის ბუნებრივი აირი, არც ნორმალური გზა და არც ყველაზე მნიშვნელოვანი – სასმელი წყალი.
სოფლის მცხოვრების, ვოსკან აკოპიანის თქმით, სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა, იჩივლა, მოითხოვა, მაგრამ სოფელში არაფერი შეცვლილა.
“გვეუბნებიან, წყლის პრობლემა მალე მოგვარდებაო. ვნახოთ, როდის. ჯერჯერობით ისეთი არაფერი კეთდება”, – ამბობს ის.
აკოპ აკოპიანი, იმავე სოფლის მცხოვრები, ამბობს, რომ წყალსადენი მილი ძალიან ძველია, მილები ჟანგით არის დაბინძურებული, ამიტომ წყალი სოფლამდე ვერ აღწევს. მისივე თქმით, წყალი არა მხოლოდ ცოტაა, არამედ ბინძურიც არის.
როგორც სოფლის მოსახლეობა ირწმუნება, შარშან უთხრეს, რომ თბილისიდან უნდა ჩამოსულიყვნენ სპეციალისტები, დასახლება უნდა ენახათ და ამის შემდეგ შეედგინათ პროექტი, თუმცა პროექტი დღემდე არ არის მზად.
“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე 30 წელია სოფელში სასმელი წყლის უკმარისობა გვაქვს”, – ამბობს სოფელ დადეშის მცხოვრები, აბრაამ დულბარიანი.
როგორ და როდის მოგვარდება ეს საკითხი, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია სოფელში მერის წარმომადგენელთან ედგარ თუმასიანთან. მისი თქმით, ამჟამად პროექტის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. მისივე მტკიცებით, წყალმომარაგების სამუშაოები მომავალ 2021 წელს დაიწყება.