ქალაქ ახალქალაქის შემოსასვლელში გზის ასფალტირება, რომელიც სომხეთისა და თურქეთის ტრასას აერთიანებს, დასრულების ეტაპზეა. საერთო ჯამში გზის 2,5კმ იქნება ასფალტირებული.
ქალაქ ახალქალაქის შემოსასვლელში ფედერალური მაგისტრალის მონაკვეთზე, რომელიც გზას თურქეთში მიმავალ მაგისტრალთან აერთიანებს, რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. კომპანია “ჯავახ ავტო გზის” თანამშრომლების თქმით, ასფალტის პირველი ფენა დაფენილია, და დარჩენილია ზედა ფენის დაგება.
“ამჟამად პირველი ფენის დაგება დასრულებულია, ხოლო ზედა ფენის დაახლოებით ნახევარი უკვე გაკეთებულია”,- ამბობს კომპანია “ჯავახ ავტო გზის” მუშაკი.
როგორც კომპანიის თანამშრომლები ამტკიცებენ, სამუშაოები საბოლოოდ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნული მონაკვეთის, 2,5კმ სიგრძის რემონტის ტენდერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 23 ივნისს, 2`686`610 ლარით გამოაცხადა. ტენდერი თავდაპირველი თანხით კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” მოიგო.
წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ორი ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებას გეგმავს. პირველი პროექტი- “კორხის წყლის” ხიდიდან ახალქალაქამდე მიმავალი გზის 6-7კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია, მეორე- სომხეთში და თურქეთში მიმავალი 2,5კმ სიგრძის გზის რეაბილიტაციაა, რომელიც ორ მაგისტრალს აერთიანებს.