ნოემბრის თვეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სველი წერტილებისა და ანტისეპტიკების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. სიაში შესულია 8 სკოლა. საერთო თანხა 549 123 ლარს შეადგენს.
10-დან 21 ნოემბრამდე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 8 სკოლაში სველი წერტილების მშენებლობის 4 ტენდერი გამოაცხადა. ამჟამად განაცხადის მიღების პროცესი მიმდინარეობს. იმისათვის, რომ გაგვეგო, მოასწრებენ თუ არა მშენებლები სამუშაოს პირველ თოვლამდე, რომელიც სულ მალე მოვა და რამდენად გამართლებულია ზამთრის დადგომის კარს სველი წერტილების მშენებლობის დაწყება, ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს ანივარდ მოსოიანს გავესაუბრეთ.
“ჩვენ ძირითადი ლიმიტი დიდი ხანია დავამთავრეთ, 9 სკოლაში სველი წერტილი ავაშენეთ, ხოლო ეს- დამატებითი დაფინანსება მივიღეთ და ამიტომ გამოვაცხადეთ ახლა. ჩვენ შევუთანხმდით, რომ თუკი ვერ მოასწრებენ, სამუშაოებს მომავალ წელს განაგრძობენ”,- JNEWS-თან სატელეფონო საუბარში განმარტა ანივარდ მოსოიანმა.
დამატებითი დაფინანსება, ანივარდ მოსოიანის თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო.
ამჟამად სველი წერტილების გარემონტების ტენდერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სკოლებშია გამოცხადებული:
სოფელ კათნატუს სკოლა – 66 789 ლარი,
პატარა ხანჩალის სკოლა – 79 915 ლარი,
სოფელ საღამოს სკოლა – 93 608 ლარი,
სოფელ განძის სკოლა – 62 606 ლარი,
სოფელ ტამბოვკის სკოლა – 58 593 ლარი,
სოფელ რადიონოვკის სკოლა – 51 170 ლარი,
სოფელ ეფრემოვკის სკოლა – 53 873 ლარი,
სოფელ სამების სკოლა – 82 569 ლარი.