რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთში, ერასხის დასახლებული პუნქტის მახლობლად რუსული ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოვარდა, როდესაც მას პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის კოლონის თანხლებით სომხეთის საჰაერო სივრცეში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მიფრინავდა.
„სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და სომხეთის ტერიტორიაზე, მთიან მხარეში ჩამოვარდა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ რუსული ვერტმფრენი „მი-24“ შემთხვევით ჩამოაგდეს და მზად არიან აღნიშნულის კონპენსირება უზრუნველყონ.
“შემთხვევითობის არსი”
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეცდომა იმის გამო მოხდა, რომ ვერტმფრენი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მიფრინავდა მაშინ, როდესაც მთიან ყარაბაღში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. მათივე თქმით, ვერტმფრენი საღამოს, სიბნელეში დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და საჰაერო თავდაცვამ სარადარო ზონაში ვერ დააფიქსირა.
„აზერბაიჯანი ბოდიშს უხდის რუსეთის ფედერაციას ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომელიც შემთხვევითობის ხასიათს ატარებს და რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგოდ არ იყო მიმართული“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანულმა მხარემ სამძიმარი გამოუცხადა ეკიპაჟის დაღუპული წევრების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.
“საიდან გაჩნდა სომხეთში რუსული სამხედრო ვერტმფრენი”
ვერტმფრენი თან ახლდა 102-ე რუსული სამხედრო ბაზის კოლონას ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის (აზერბაიჯანი) საჰაერო სივრცის საზღვართან.
”9 ნოემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 17.30 საათზე, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის კოლონის რუსული “მი-24″ ვერტმფრენს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით სომხური დასახლების, იერაშკის მახლობლად ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) საზღვართან მითრინავდა, მიწიდან საროკეტო ცეცხლი გაუხსნეს. … რაკეტის დარტყმის შედეგად, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და დაეცა სომხეთის ტერიტორიის მთიან არეში”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთი დაეხმარება კატასტროფის გარემოებების გამოძიებაში,- განუცხადა “ინტერფაქსს” სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა. “სომხეთი დახმარებას გაუწევს ყველა ინფორმაციასა და ექსპერტულ რესურსს, რათა გაირკვეს ტრაგედიის ყველა გარემოება”, – თქვა მან.
102-ე რუსულ სამხედრო ბაზას სომხეთში ორი გარნიზონი აქვს: გიუმრიში და ერევანში. აღნიშნული ბაზების ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება 2044 წლამდეა ძალაში. ბაზა აღჭურვილია S-300V საზენიტო სარაკეტო სისტემებით, MiG-29 გამანადგურებლებით, Mi-24P და Mi-8MT ვერტმფრენებით. ბაზის პერსონალის რაოდენობა დაახლოებით ოთხი ათას ადამიანიას შეადგენს.
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან იბრძვიან.
მასალა BBC-დან
ფოტო: ANTON NOVODEREZHKIN/TASS