ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე ოფიციალურად გადავიდა, 1 სკოლა ონლაინ-სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსგან ელოდება პასუხს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის გამო სწავლის რეჟიმი სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენასთან ერთად დღითიდღე იცვლება.

დღესდღეობით, ოფიციალურად, დისტანციურ რეჟიმზე ახალქალაქის №2 სკოლა (№1 და №4 საჯარო სკოლები) მუშაობს და სოფელ დილისკის №1 სკოლა.

№3 საჯარო სკოლა (ქართული) ნახევრად დასწრებულ რეჟიმში მუშაობს, ნახევრად დისტანციურზეა. მოსწავლეები პირველიდან მე-4 კლასამდე სკოლაში დადიან, მე-4 კლასიდან სემოდ გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ.

სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასასვლელად განაცხადი შეიტანა №2 საჯარო სკოლამ (რუსული).

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის თერეზა ჩივჩიანის თქმით, რუსულ სკოლაში ძალიან ბევრია სეზონური დაავადებების მქონე პირი.

“№2 რუსულ სკოლაში COVID-19 არ არის დარეგისტრირებული, მაგრამ ძალიან ბევრია ავად, განსაკუთრებით მასწავლებლებს შორის. ეს კორონავირუსთან არ არის დაკავშირებული, უბრალოდ უმეტესობას მაღალი ტემპერატურა აქვს. დღეს განცხადება დავწერეთ და სამინისტროსგან პასუხს ველოდებით, პასუხი ჯერ არ მიგვიღია. კიდევ სოფელ ვაჩიანის სკოლაში ელოდებიან კორონავირუსის ტესტის პასუხს, თუმცა პასუხი იგვიანებს”,- თქვა თერეზა ჩივჩიანმა.

№5 სკოლაში (ინტერნატი) სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას ყველა სოფლის სკოლა განაგრძობს.