კორონავირუსის პანდემიის ფონზე ახალქალაქში ვაჭრობა კვლავ შეჩერდა, ხალხმა საგაზაფხულო პაუზის შემდეგ სრულყოფილი აღდგენა ვერ მოასწრო. მაღაზიის მფლობელები ჩივიან, რომ ვაჭრობა თითქმის არ არის. მიზეზი ხალხის მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.
ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის მფლობელები, ასევე ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველები ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით ვაჭრობა თითქმის არ არის. გამყიდველების თქმით, წელს გასული წლის ვაჭრობის ნახევარიც არ არის.
“გასულ წელს დღეში 400 ლარს ვმუშაობდი და უფრო მეტსაც, ახლა 10-15 დღეში ვერ ვმუშაობ ამდენს”,- ამბობს ქალბატონი, რომელიც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობს.
მაღაზიის გამყიდველები ყოყმანობენ, წავიდნენ თუ არა ზამთრის ახალი საქონლის ჩამოსატანად. საგაზუფხულო ტანსაცმელი, რომელიც მარტში იყიდეს, არ გაიყიდა, დარჩა. როგორც ისინი ამტკიცებენ, მიზეზი, ხალხის მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.
“ხალხს ფული არ აქვს, როგორ ივაჭრებს? კორონავირუსის შედეგები რთულად გამოვლინდა”,- ამბობს ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველი.
ფინანსური კრიზისის გარდა, მყიდველებთან მოლოდინის რეჟიმი სუფევს. როდესაც სკოლები იხსნებოდა, მშობლები იძახდნენ, რომ ბავშვებს ახალ ტანსაცმელს არ უყიდიან, რადგან სკოლებს თუ არ გახსნიან, ეს ტანსაცმელი მომავალ წელს დაუპატარავდებათ. მთელი ახალქალაქი დღეს, კორონავირუსისა და შეზღუდვების გარეშე, ნორმალური ცხოვრების მოლოდინშია.
ერთ-ერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის გამყიდველის თქმით, მათ ბიზნესზე ძლიერად იმოქმედა იმან, რომ წელს ბევრმა ვერ მოახერხა რუსეთში სამუშაოდ წასვლა, ამიტომ მოსახლეობას ხელზე თანხა არ აქვს, და არავინ ყიდულობს საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა.
“ადრე თითქმის ყველა ოჯახიდან დადიოდნენ სამუშაოდ, თუმცა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრმა ვერ მოახერხა წასვლა. ამიტომ ხალხი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა”,- აბობს ელექტროტექნიკის გამყიდველი.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ხელისუფლება მაღაზიების ხელმეორედ დაკეტვას არ გეგმავს. თუმცა, ზოგიერთი გამყიდველი შეწუხებულია, რადგან თუ რამდენიმე თვით მაღაზიები კიდევ დაიკეტა, ისინი დაზარალდებიან. ღია მაღაზიებიდანაც არ აქვთ დიდად შემოსავალი, მაგრამ ყოველდღიური იმედი მაინც არის…