ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები შემდეგი პრინციპით მუშაობენ: თუკი COVID-19-ით დაავადებული ვლინდება, საგანმანათლებლო დაწესებულება იკეტება, სხვა შემთხვევაში ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის ინფორმაციით, დღესდღეობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღიდან 3 საბავშვო ბაღი არ მუშაობს. ესენია სოფლების ვაჩიანის, დილისკას და ქალაქის №2 საბავშვო ბაღი. ამ სოფლებში საბავშვო ბაღები მოსახლეობას შორის კორონავირუსით დაავადებულების გამოვლენის შემდეგ დაიკეტა, ხოლო ქალაქის №2 საბავშვო ბაღის მომუშავე კორონავირუსით იყო დაავადებული.
ასატურიანის თქმით, სოფელ ვაჩიანსა და დილისკაში საბავშვო ბაღები ორშაბათს გაიხსნება.
“№2 საბავშვო ბაღი ერთი კვირის დაგვიანებით გაიხსნება, ხოლო №3 საბავშვო ბაღში კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდებიან. ინფექცია თუ დადასტურდება, ბაღს დავკეტავთ. თუკი საბავშვო ბაღებში დაავადებულები გამოვლინდებიან, აღნიშნულ საბავშვო ბაღებს დავკეტავთ, თუ არა – იმუშავებს”, – ამბობს ანაიდა ასატურიანი.