1-ლი ნოემბრიდან დაწყებული, 2021 წლის თებერვლამდე ხელისუფლება იმ ოჯახების კომუნალურ გადასახადებს დაფარავს, რომლებიც 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარენ. იგივე პროგრამა იყო გასული წლის გაზაფხულზეც, თუმცა აღნიშნული პროგრამით ჯავახეთში ბევრმა ვერ ისარგებლა, რადგან მაღალმთიანობის მკაცრ კლიმატურ პირობებში, პროგრამით გათვალისწინებული მაჩვენებლები ბევრად აღემატება დანახარჯებს.

Jnews-ის რედაქციამ ჯავახეთის მოსახლეობისგან ბევრი წერილი მიიღო, სადაც ხალხი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კომუნალური გადასახადების საშეღავათო პროგრამაში რეგიონის მონაწილეობის საკითხის წამოყენებას ითხოვს.

“ჩვენთან მკაცრი ზამთარია, ჩვენ მუდმივად ვათბობთ სახლებს, თუ ხელოსუფლებას ნამდვილად უნდა კორონავირუსის დროს ჩვენი დახმარება, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადებზე შეღავათებისათვის გათვალისწინებული ბარიერი უნდა შეცვალოს. ჯავახეთში 9 თვე გრძელდება ზამთარი და ძალიან ცივა”,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.

გასული წლის გაზაფხულზე ეს საკითხი ჯავახეთში კვლავ აქტუალური იყო. ჯერ კიდევ მაშინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” შტაბს რაიონული ხელძღვანელობის სახელით, მაღალმთიანი რეგიონებისათვის საშეღავათო პირობების განხილვის თხოვნით მიმართა. მისივე თქმით, მან პასუხი არ მიიღო.

31 ოქტომბერს კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარ დეპუტატად შერჩეული კანდიდატი სამველ მანუკიანი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის პარლამენტში წამოყენებას შეეცდება.

“პარლამენტის ფორმირების შემდეგ ვნახავთ, ამ საკითხს წამოვაყენებთ. ხელისუფლებამ ეს დახმარება ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისათვის გაითვალისწინა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ თუკი ადამიანს სახლში ცენტრალური გათბობა აქვს გაყვანილი, მას შეუძლია გათბობის საფასურის გადახდა”,- თქვა სამველ მანუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო საქართველოს ხელისუფლებამ ამავე წლის მარტში მარტის, აპრილის და მაისის თვეების კომუნალური გადასახადების დაფარვის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში პროგრამა 4 თვით განახლდება. თუმცა, ამ შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში არაუმეტეს 200 კუბამეტრი ბუნებრივი აირისა და 200 კილოვატი ელექტროენერგიისა გამოიყენებენ.