არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს.

წარდგენილი საჩივრებიდან საია 117 უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას.

“გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტებია”. – აცხადებს საია.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გარდა, საჩივრები შეიტანა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, რომელიც მოითხოვს 60 უბნის გადათვლას, ხოლო ერთ უბანში შედეგების გაუქმებას.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიღებული მოთხოვნები, რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა განიხილოს.

როგორც მანამდე საქართველოს ცესკოს თავმჯდომარემ, რომლის გადადგომას ოპოზიცია მოითხოვს, განაცხადა, შეუსაბამობების შემთხვევაში, ის მზად არის გადადგეს.