საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
„წინასაარჩევნო კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნას, შესაბამისად, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი და ღირსების ფასი. მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, ამიტომ მე ხმა მივეცი მომავალს“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.