ახალქალაქში კორონავირუსით ინფიცირების ნაკლები შემთხვევაა გამოვლენილი, ეს ფაქტი მოსახლეობას აშინებს და ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არის, რადგან PCR-ტესტებს არ აკეთებენ.
ახალქალაქი – პატარა ქალაქია, სადაც ხალხს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, რაც კორონავირუსის მარტივად გავრცელების ალბათობას ზრდის, ამიტომ მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ კორონავირუსით დაავადებულებთან ჰქონდათ ურთიერთობა. ვისაც ტემპერატურა, სურდო და სხვა სეზონური მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს, ან მალავს, რომ ავად არის და სახლის პირობებში მკურნალობს, ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, სხვები კი ექიმთან მიდიან.
“დილიდან საავადმყოფოში ვარ. უკვე, რამდენიმე დღეა 37-ზე მაღალი ტემპერატურა და სურდო მაქვს. დღეს გადავწყვიტე საავადმყოფოში გამოკვლევა ჩავიტარო. გამოკვლევის შემდეგ მაცნობეს, რომ პნევმონია მეწყება. მინდოდა, კორონავირუსზე ტესტი გაეკეთებინათ. თავიდან ექიმებმა მითხრეს, რომ ტესტის გაკეთება არ არის საჭირო, მერე მითხრეს, რომ კოლეგის დაკრძალვაზე უნდა მივიდნენ და მოგვიანებით გამიკეთებენ. მითხრეს, რომ ტესტისთვის 31 ლარი არის გადასახდელი, მზად ვიყავი გადამეხადა, მაგრამ მითხრეს, მოგვიანებით მივიდე. ჯერჯერობით გადავწყვიტე ტესტი არ გავიკეთო. ექიმებმა წამლები გამომიწერეს, ვიმკურნალებ. მე ნათესავებს ტელეფონით გამოვკითხე, ვინც კორონავირუსის შესახებ იცის არა ყურმოკვრით, აღმოჩნდა, რომ მე იგივე პრეპარატები დამინიშნეს, რომელსაც მისი მკურნალობის დროს იყენებენ. როგორც კი თავი ცუდად ვიგრძენი, მაშინვე თვითიზოლაციაში ვიყავი, ყოველი შემთხვევისათვის”, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები, რომელმაც არ მოისურვა სახელის დასახელება.
ხშირად ხალხმა არ იცის, ვის მიმართოს, თუკი სიმპტომები აქვს. ახალქალაქში COVID-19-ის გამოჩენიდან დაწყებული ტესტირებით დამთავრებული, ამ საქმით ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრია დაკავებული. თუმცა, ამჟამად მათი რჩევაა მოქალაქეებმა საავადმყოფოს მიმართონ.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ამჟამად PCR ტესტებს არ აკეთებენ. დროებით შეჩერებულია ტესტების ჩატარება. ახალქალაქში ტესტებს მხოლოდ საავადმყოფოში აკეთებენ. ეს განკარგულება გასცეს თბილისიდან”, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, ავეტ ტონაკანიანი.
ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში ირწმუნებიან, რომ ტესტებს აკეთებენ, თუკი არის ექიმების განკარგულება და მთელი რიგი სიმპტომები.
“კორონავირუსზე ტესტს ვაკეთებთ, თუკი აქვთ ანამნეზი, მათ, ვისაც კონტაქტი ჰქონდა, ვისაც 37.6-38.0 აქვს ტემპერატურა, ვისაც პნევმონია აქვს. დანარჩენ შემთხვევებში, თუკი ტესტის გაკეთება უნდათ, გვაქვს გეგმიური ტესტები, რომელთა ღირებულება 200 ლარია. თუკი მოვიდნენ და ექიმებმა ტესტი არ გაუკეთეს, ექიმები ამის საჭიროებას ვერ ხედავენ, რადგან არ ჰქონდათ ანამნეზი, მხოლოდ ტემპერატურის ქონა საკმარისი მიზეზი არ არის. ტესტი ძალიან ბევრს გავუკეთეთ, დღეში 30-დან 35-მდე ტესტს ვიღებთ და ვგზავნით. ტესტებს კანონის, პროტოკოლის შესაბამისად ვაკეთებთ, განკარგულებების შესაბამისად”, – ამბობს ახალქალაქის რაიონული ჰოსპიტალის მენეჯერი, ალექსან თოროიანი.
ამრიგად, კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ამჟამად ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოშია შესაძლებელი. ექიმის მითითებებისა და რიგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში 31 ლარად გააკეთებთ. ვისაც ტესტზე სამედიცინო ჩვენება არ აქვს, სურვილის თანახმად, შეუძლიათ 200 ლარად გაიკეთონ ტესტი.