ახალქალაქში “ქართული ოცნების” პარტიის შტაბის ხელმძღვანელი COVID-19-ით არის ინფიცირებული, პარტიის ზოგიერთ სხვა წარმომადგენელსაც დაუმტკიცდა ვირუსი, შტაბის დანარჩენი თანამშრომლები კი თვითიზოლირებულნი არ არიან.
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პარტიის ახალქალაქის შტაბში კორონავირუსი დადასტურდა. ერთ-ერთი დაავადებული- შტაბის უფროსი გაიოზ ლომსაძეა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში თბილისშია გადაყვანილი. ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტიის ადგილობრივი ჯაჭვის ხელმძღვანელი ნაირი ირიციანი, რომელიც სახლში მკურნალობს. შტაბის ოთხ თანამშრომელს რამდენიმე დღის წინ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ერთ-ერთმა მომუშავემ ტესტი ჩააბარა, პასუხი ხვალ იქნება ცნობილი, დანარჩენებს კორონავირუსის ტესტი არ ჩაუბარებიათ და სამსახურში დადიან.
JNEWS-ის შეკითხვაზე, თუ რატომ არ არიან თვითზიოლირებულნი შტაბის თანამშრომლები, ახალქალაქში “ოცნების” შტაბის უფროსის მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა მელკონ მაკარიანმა თქვა შემდეგი:
“ნაირი ირიციანთან (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე) იქამდე ვიდრე მას კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, 10 დღის განმავლობაში, არ მქონია ურთიერთობა. დიახ, ჯუბო (ლომსაძე გაიოზი) შტაბში მოდიოდა, თუმცა ამის შემდეგ არცერთ ჩვენგანს პრობლემა არ გვქონია. თქვენგან მესმის, რომ გოგოები ავად იყვნენ, ისინი თავს კარგად გრძნობენ და სამსახურში მოდიან. გოგონებთან ყველაზე მეტი ურთიერთობა მე მაქვს, და მე კარგად ვგრძნობ თავს, პრობლემები არ მაქვს. შტაბში ტესტი არ ჩაგვიბარებია რადგან სიმპტომები არავის ჰქონია. შეიძლება იყოს გრიპი, ხველება, მაგრამ ეს სეზონური დაავადებაა, ისინი რამდენიმე დღე სახლში იყვნენ და უკვე სამსახურში გამოდიან. შტაბში თვითიზოლირება გამორიცხულია”,- გვიპასუხა მელკონ მაკარიანმა.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფებს ტესტი არ უტარდებათ იქამდე, ვიდრე სიმპტომები არ ექნებათ.