გუშინ, 25 ოქტომბრის საღამოს, სოფელ დიდ სამსარში გამართულ შეხვედრაზე, სოფელ სამსარის მკვიდრმა, რომელიც ახალქალაქში ცხოვრობს, მმართველი პარტიის “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის დეპუტატატს ცხვირი გაუტეხა და ქვით მისი მანქანა დააზიანა.
დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან ახალქალაქში საარჩევნო კამპანია არ ტარდება, მაჟორიტარი კანდიდატი სამველ მანუკიანი სოფლებში აქტივისტებს ხვდება. შეხვედრის დროს კლუბში ჰაიკ რსტაკიანი შევიდა. მან დაიწყო ლაპარაკი და კითხვების დასმა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ სოფლისთვის.
“როდესაც კლუბის შენობიდან გამოვედით, რსტაკიანი კვლავ მომიახლოვდა და ყვირილი დაიწყო. ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით. მან მითხრა, აი ენზელ მკოიანს ბუნებრივი აირის გაყვანა შეუძლია, თქვენ რის გაკეთება შეგიძლიათ. ჩვენ, ვიცოდით ვისთან გვქონდა საქმე, ამიტომ უბრალოდ ვუპასუხეთ – გაეყვანა 20 წლის განმავლობაში. იმ წუთას, ალბათ მიხვდა, რომ პროვოცირებას ვერ მოახდენს, და ცხვირში დამარტყა. როდესაც მივდიოდით, მან ქვით ავტომანქანა დააზიანა”,- ყვება სამველ მანუკიანი.
მაჟორიტარობის კანდიდატი თვლის, რომ ეს პროვოკაცია დამოუკიდებელი კანდიდატის, ენზელ მკოიანის სასარგებლოდ გაკეთდა.
“სოფლის მოსახლეობის თქმით, ეს ადამიანი სოფელში ძირითადად არ არის, არც დაკრძალვებს, არც სხვა ღონისძიებებს ესწრება. ალბათ ფული აიღო და ამ გზით, ენზელ მკოიანისთვის ხმების შეგროვებას ცდილობს”,- ამბობს ის.
მანუკიანმა საავადმყოფოს გუშინ საღამოს მიმართა, მას ცხვირი აქვს გატეხილი, მაგრამ მისი თქმით, ტკივილს ვერ გრძნობს, მხოლოდ ცხვირის გამრუდებას ამჩნევს.
დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ სამსარში მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს საღამოს გაიგო.
“მმართველ პარტიას შეუძლია იმ ყველაფრის თქმა, რაც სურს. მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს. ამ ხალხს შეუძლია თქვას, რომ სირიაში თუ ვინმეს მოკლავენ, ჩემი ბრალი იქნება. შეუძლიათ თქვან, რომ კორონავირუსიც ჩემი მოტანილია ახალქალაქში”,- Jnews-თან სატელეფონო საუბარში, კომენტარი გააკეთა ენზელ მკოიანმა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.