ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ახალქალაქის მერის მდგომარეობა ფასდება, როგორც ზომიერად მძიმე, ხოლო საკრებულოს მერის მდგომარეობა – მსუბუქი.

მერი, იურიკ უნანიანი გორის საავადმყოფოში მკურნალობს, ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც საშუალოდ მძიმეს. JNEWS-თან საუბარში ნათესავებმა მოგვახსენეს, რომ მდგომარეობა ნორმალურია და მერი დღითიდღე უკეთესობისკენ მიდის.

“რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მისი მდგომარეობა ნორმალურია, მასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. მერის ოჯახის წევრებიც არიან COVID-19-ით ინფიცირებული. მერი მეუღლესთან ერთად საავადმყოფოშია, ხოლო შვილი, რძალი და შვილიშვილები სახლის პირობებში მკურნალობენ”,- თქვა ახალქალაქის მერის ერთ-ერთმა ნათესავმა.

21 ოქტომბერს COVID-19 ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნაირი ირიციანს დაუდასტურდა. JNEWS-თან საუბარში ირიციანმა აღნიშნა, რომ დაავადება მსუბუქი ფორმით გადააქვს, თანდათან გამოკეთებისკენ მიდის. სიმპტომებიდან მას ძირითადად ჰქონდა 37 გრადუსი ტემპერატურა და გემოს შეგრძნება დაეკარგა. მისი მეუღლე და შვილიც დაავადდნენ.

“ჩვენ 37,5 გვქონდა ტემპერატურა, რომელიც 4-5 დღე გაგვიგრძელდა. პირველ დღეებში პირის ღრუში, გემოს არასასიამოვნო შეგრძნება გვქონდა, თვალები გვტკიოდა გვერდებში, და საშინელი თავის ტკივილი გვქონდა. დაღლილი იღვიძებ, მშრალი ხველება გაწუხებს. გემო უკვე 2-3 დღეა დამიბრუნდა. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად გაიკეთონ ტესტი და ინფექცია არ გაავრცელონ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრია დაავადებული, თუმცა მალავს ამას. ახალგაზრდა ადამიანები ჯანმრთელად არიან, მსუბუქად გადააქვთ, ბევრი ვერც გრძნობს, რომ ავად არის. მოხუცებს კი თანმდევი დაავადებები აქვთ, რასაკვირველია, მათ რთულად გადააქვთ ინფექცია”,- JNEWS-თან საუბარში თქვა ნაირი ირიციანმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 259 ადამიანია დაავადებული.