სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.
დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი. საჭიროების შემთხვევაში, იქნება სრული მზადყოფნა, ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს. მომზადების კურსში ჩართული იქნება მრავალი განზომილება და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ექიმებს დახმარება, უფროსკურსელი სტუდენტები დაეხმარებიან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.