“უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ რეგულაციებს, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ, რადგან სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მასთან ერთად ცხოვრება მოწევთ შესაბამისი რეგულაციების დაცვით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს.
„სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში. ეპიდსიტუაცია გლობალურად დაძაბულია და კიდევ და კიდევ უფრო იძაბება მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში. მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს და დღეს დილით ანტირეკორდი – 490 000 ახალი შემთხვევა გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა არის ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით. საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი – აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში – 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში – 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლმა, სადაც 107 შემთხვევაა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.