დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები ნოემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის სამი ათასიდან ოთხი ათასამდე შემთხვევას ელოდებიან.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხვალ გვექნება განახლებული პროგნოზები. დაახლოებით სამ მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ. დღეში ალბათ ინფიცირების 3 000-4 000 შემთხვევა იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში რვა ათასიდან 10 ათასამდე “პისიარ” ტესტი ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოდელირებისთვის კონტროლის მეთოდს იყენებს, რომელიც 2009 წლის გრიპის პანდემიის დროს შეერთებულ შტატებში შეიქმნა. მეორე ინსტრუმენტი ბაზელის უნივერსიტეტის მეთოდია, ხოლო მესამე არის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის მეთოდი (აშშ).

“ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების იარაღებია. ისინი უამრავ განსხვავებულ მონაცემს შეიტანენ, რის შემდეგაც ინსტრუმენტები ინფექციის შემთხვევების ზრდის სავარაუდო ტენდენციას ითვლიან”, – განმარტა გამყრელიძემ.