უკვე რამდენიმე დღეა ახალქალაქში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებას აქტიურად ადევნებენ თვალყურს.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აკონტროლებენ პირბადის სწორად ტარებას და ბაზრის ტერიტორიაზე ისევე, როგორც სავაჭრო ცენტრებსა და ხალხის მასობრივი შეკრების ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვას.
როგორც გამყიდველები ამტკიცებენ, დღეს დილით შსს-ს თანამშრომლებმა გაფრთხილება მისცეს, რათა დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად გაიკეთონ სამედიცინო პირბადე და მოუწოდეს პოლიციელების ბრძანებებს დაექვემდებარონ. მათი თქმით, ისინი გააფრთხილეს, რომ თუკი ბრძანებებს არ დაექვემდებარებიან, მათ დააჯარიმებენ.
“მე ვვაჭრობდი, როდესაც პოლიციელები მომიახლოვდნენ და პირბადის გაკეთება მთხოვეს, მათ მითხრეს, რომ ეს მოქალაქეების ვირუსისგან დაცვის მიზნით კეთდება”,- ამბობს სოფელ კარტიკამის მცხოვრები პეტია.
ბაზრისა და სავაჭრო ცენტრების გარდა, პოლიცია ტრანსპორტისა და ხალხის შეკრების სხვა ადგილების მონიტორინგს ახორციელებს და მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებას აქცევს ყურადღებას.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ექიმები გვირჩევენ შეხვედრისას ჩახუტების, კოცნის და ხელის ჩამორთმევის ჩვევაზეც კი უარი ვთქვათ, განსაკუთრებით, თუ ადამიანს გაციების ნიშნები აქვს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 24 შემთხვევა დარეგისტრირებულია სამცხე-ჯავახეთში. ჯავახეთში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დარეგისტრირებული.