დღეს, 21 ოქტომბერს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ დილიფში საჯარო სკოლა დაკეტეს. საქმე იმაშია, რომ 30 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელი იყო.

როგორც JNEWS -ს ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ტიგრან ეგოიანმა აცნობა, ორონავირუსით დაღუპული ქალი დილიფში გუშინ, დახურულ კუბოში დაკრძალეს.

“გუშინ ის დავკრძალეთ, დღეის მდგომარეობით სოფლის სკოლა დაკეტილია, ვისაც უშუალოდ დაღუპულთან ჰქონდა ურთიერთობა თვითიზოლირებულია. ასეთია 7 ადამიანი “, – გვაცნობა ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა.

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, სოფელ დილიფის საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. იყო გათხოვილი, ჰყავდა ორი შვილი.

როგორც JNEWS-ს სოფელ დილიფის სპეციალისტმა აცნობა, სოფელში ქაოსი არ არის. უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე სოფლის სკოლა დაკეტეს.

“დაღუპული ქალი სკოლაში მუშაობდა, მას ორი შვილი ჰყავს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და, რამდენიმე დღის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა. ოჯახის წევრები არ არიან დაავადებულნი, არც ერთ მათგანს არ აქვს ტემპერატურა, მაგრამ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან”, – თქვა ნინოწმინდის რაიონის სოფელ დილიფის სპეციალისტმა.

აღვნიშნავთ, რომ 19 ოქტომბერს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 30 წლის მცხოვრები დაიღუპა. ის საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს.

ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა დაუდგინდა. ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია მითითებული.

კლინიკაში, ასევე, განმარტეს, რომ პაციენტი, რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით სახლში იმყოფებოდა, არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო. ის კლინიკაში სისუსტისა და სახსრების ტკივილის გამო გადაიყვანეს.