პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა, ჯავახეთში დეპუტატობის კანდიდატებმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მედია საშუალებებისთვის პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ყარაბახში არსებულ ვითარებაზე და დაპირისპირებული მხარეების შერიგებაში საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობაზე.
პრესკონფერენცია დღეს 14:00 საათზე კაფე Gold-ში დაიწყო. ჟურნალისტებს მიესალმა “ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი, რომელიც პარტიის პროპორციულ სიაშიც არის წარმოდგენილი. მისი თქმით, “ალიანსის” წევრები შიშობენ, რომ დაძაბულობა შესაძლოა მთელ კავკასიაში გავრცელდეს, ამიტომ საჭიროა ისეთი პოლიტიკური ძალა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც შეძლებს დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას. მისი თქმით, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელსა ამის გაკეთება შეუძლია.
სამველ პეტროსიანმა პარტიის პროგრამაში არსებული მომენტები გამოყო, მათ შორის ის, რომ პარტია სერიოზულ ყურადღებას აქცევს “დავით გარეჯის” ისტორიულ ძეგლს, რომელიც აზერბაიჯანის მიერ არის ოკუპირებული.
“პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მშვიდობიანი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, სურს, რომ ქართველები აფხაზებს და ოსებს შეურიგდნენ, ასევე რუსეთთან ურთიერთობები შუამავლების გარეშე მოვაგვაროთ. “პატრიოტთა ალიანსი” სერიოზულ ყურადღებას აქცევს “დავით გარეჯის” ისტორიულ ძეგლს, რომელიც აზერბაიჯანის მიერ არის ოკუპირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აჭარაში დღითიდღე ხელოვნურად იცვლება დემოგრაფიული მდგომარეობა არა ქართველების სასარგებლოდ. განსაკუთრებულ ყურადღებას “ალიანსი” აქცევს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, მათ შორის სომხების გენოციდის აღიარებას”, – თქვა სამველ პეტროსიანმა.
მან მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა, რათა ყარაბაღს ვითარების გამოსწორებაში დაეხმარნო.
JNEWS-ის ჟურნალისტების კითხვაზე, თუ კონკრეტულად, როგორ აპირებს პარტია ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ხელშეწყობას, სამველ პეტროსიანმა თქვა:
“რადგან პარტიის პროგრამა ომის დაწყებამდე დიდი ხნის წინ იყო დაბეჭდილი, ჩვენს პარტიულ ხელმძღვანელობასთან საუბარში, როდესაც ვკითხულობდი, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ისინი მპასუხობდნენ, რომ მთავარია – შემთხვევითი განცხადებები არ გაკეთდეს. ისინი აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის მოლაპარაკებების შუამავლები შეიძლება იყვნენ”.
გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის თემას ეხება, ჟურნალისტები პარტიის პროგრამის სოციალური ნაწილით დაინტერესდნენ: მიწა, წყალგაყვანილობა, ჯავახეთის მოსახლეობისთვის მოქალაქეობის აღდგენა და სხვა.