19 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ნაწილობრივ დასწრებულ სწავლებაზე გადავლენ. აუდიტორიებში ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებენ, ხოლო თეორიულს- დისტანციურად. ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს.
აღნიშნული ოთხი ქალაქის უნივერსიტეტებმა სტუდენტებს დამოუკიდებლად უნდა წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც სასწავლო პროცესთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის მეცადინეობათა ცხრილი.
გორში, თელავში და ახალციხეში უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ – ყველა მეცადინეობა დასწრებულ რეჟიმში ტარდება. აჭარის უნივერსიტეტებში, პირიქით, სწავლა მხოლოდ დისტანციურად მიმდინარეობს.
უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის უდიდესმა უნივერსიტეტმა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა- სწავლების შერეული მოდელი აირჩია. 19 ოქტომბრიდან დისტანციურად ჩატარდება მხოლოდ თეორიული მეცადინეობები, ხოლო ლაბორატორიული და პრაქტიკული ჩატარდება უდიტორიებში.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჯერ კიდევ მარტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სწავლების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა დაიწყეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტები 19 ოქტომბრიდან სწავლების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლას დაიწყებენ.
სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება იგრძნობა- ინფიცირებულთა დღე-ღამური ზრდა სამნიშნა რიცხვებით აისახება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ ათ ასეულს პირველად მიაღწია.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი “წერტილოვანი შეზღუდვების” სტრატეგიის შენარჩუნებას აგრძელებენ.