სოფელ მერენიის ერთადერთი მდინარე, რომელსაც დაჭაობების მიზეზით, წელიწადში რამდენჯერმე სჭირდება დასუფთავება, წელს გასულ წლებთან შედარებით, სუფთაა.
სოფელში მდინარის წყლის ქონა, როგორც მესაქონლეობისათვის, ასევე სოფლის მეურნეობისათვის არის მნიშვნელოვანი. მერენიის მოსახლეობა მდინარის წყლით მიწებს რწყავს და საქონელს წყალს ასმევს. დაბინძურებისა და მდინარეში წყალმცენარეების სიმრავლის გამო, მდინარის კალაპოტი ხშირად იკეტება.
სოფლის მოსახლეობა, საკუთარი ინიციატივით, წელიწადში რამდენიმეჯერ ასუფთავებს მდინარეს, თუმცა ამაოდ.
“მიწებს ვრწყავთ, საქონელს წყალს ვასმევთ. ერთხელ დაახლოებით ასი მეტრი დავასუფთავეთ, მთლიანად ვერა, კალაპოტი იკეტება და წყალი უკან ბრუნდება”,- ამბობს სოფელ მერენიის მოსახლეობა.
სოფლის წარმომადგენლის თქმით, მდინარის მდგომარეობა ნორმალურია, ის საკმაოდ სუფთაა.
“გასულ წელს ნორმალურად დაასუფთავეს, საქონელი დღემდე იქ სვამს წყალს. ტერიტორია ისეთია, რომ ყოველ წელს შეიძლება დაჭაობდეს, წყლის ნაკადი ნელია, წყალმცენარეები ადვილად მრავლდება. ახლა წყლის დონე ცოტათი აიწევს, რადგან კიდევ არის ცოტა წყალმცენარე, მაგრამ, საერთო ჯამში, მდინარე სუფთაა”,- ამბობს, ახალქალაქის მერიაში სოფელ მერენიის წარმომადგენელი, სერგეი კახკციანი.