იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს საქართველოს ნეიტრალიტეტი მთიანი ყარაბაღის ომში, რეგიონში ომის საფრთხეებისა და შედეგების და სხვა მრავლის შესახებ JNEWS-ი ფონდ რონდელის ექსპერტს, ზურა ბათიაშვილს გაესაუბრა.
როგორ შეიძლება მოიქცეს საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში?
– საქართველომ ნეიტრალიტეტის შესახებ გამოაცხადა, და მე ვთვლი, რომ ეს სწორია. არც ისე ბრძნული იქნება, თუ საქართველო ამა თუ იმ მხარეს დაიჭერს. ყველა ქვეყნის ინტერესშია – კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე სამხრეთ კავკასიის არცერთ ქვეყანაში არ იქნება განვითარება- არც საქართველოში, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში. მახსოვს, რომ ქართულმა მხარემ ნეიტრალიტეტის შესახებ ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროსაც გამოაცხადა. ვთვლი, რომ მომავალშიც საქართველო ნეიტრალური იქნება. რაც შეეხება ზოგიერთი ჯგუფის და ძალის ინტერესებს, რომლებიც საქართველოს კონფლიქტში ჩათრევას ცდილობენ, საქართველო შეეცდება ეს არ გააკეთოს.
რამდენად რეალურია ნეიტრალიტეტი იმ პირობებში, როდესაც საქართველო ესაზღვრება ორივე ქვეყანას და თითოეულთან თავისებურად თანამშრომლობს?
– ამის გაკეთება რთული არ იქნება, და საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს. ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. საქართველოს პოლიტიკა მშვიდობას უჭერს მხარს.
რა შედეგები მოყვება ყარაბაღის ომს?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუ დიდხანს გაგრძელდა, სამწუხარო სურათი იქნება, რადგან სუსტდება აზერბაიჯანიც და სომხეთიც. და როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი სუსტდება- ეს ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთი იქნება მთავარი ფაქტორი და მთავარი, ეგრეთ წოდებული, მშვიდობისმყოფელი. თუ რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში გაძლიერდა- ჩვენ ვიცით, როგორია იმპერიული პოლიტიკა საქმეში. ამიტომ ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკაზე აისახება და საქართველოსთვისაც რთული იქნება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მილიონობით მოქალაქე ყოველწლიურად ტურისტული მიზნით ჩამოდის საქართველოში, და ეკონომიკური პრობლემების არსებობისას ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტად არავინ ჩამოვა. ახლა საზღვრები ისედაც დაკეტილია, მაგრამ მას შემდეგ, რაც პანდემია საფრთხეს აღარ შექმნის, დასასვენებლად სიარულს ხალხი ისევ დაიწყებს. თუმცა თუ იქ ომია, რასაკვირველია, საქართველო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. ეს არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებს შეეხება, არამედ თურქეთსაც, რომელიც საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. თურქული ლირის სერიოზული დევალვაცია იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ინვესტიციები შემცირდება, ნაკლები ტვირთი იქნება, ნაკლები ტურისტი, ნაკლები ეკონომიკური კავშირი და ვაჭრობა. ამიტომ საბრძოლო ქმედებები არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური და სამხედრო პრობლემაა, არამედ ამასთანავე, მთელი რეგიონის ქვეყნებისათვის ეკონომიკური პრობლემაა, რომელსაც სერიოზული შედეგები მოყვება.
მაშინ რატომ უბიძგებს თურქეთი სამხედრო ქმედებებისაკენ აზერბაიჯანს?
– თურქეთი – ეს ის თურქეთი არ არის, რაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იყო. თურქეთს დიდი ამბიციები აქვს, დიდი პროექტები. თურქეთი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ შუა აღმოსავლეთშიც, აფრიკაშიც ჩართულია ბევრ კონფლიქტში. ეს არის სირიაც, ლიბიაც, სამხედრო ქმედებებზე იქ დიდ თანხებს ხარჯავენ. რა თქმა უნდა, ეს თურქეთის ეკონომიკას აყენებს დარტყმას, რაც გამოვლინდება არა მხოლოდ დღეს და ხვალ. ეს არა მხოლოდ ლირის დევალვაცია ან ეკონომიკური პრობლემებია, არამედ სერიოზული პრობლემები დასავლეთის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან დასავლეთი ინვესტიციების 70% თურქეთშია. და თუ იმათ მიატოვეს თურქეთი, ეს საგრძნობლად აისახება ეკონომიკაზე, და ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესი უკვე იწყება.
არის თუ არა იმის საფრთხე, რომ თურქეთისთვის, საკუთარი გავლენის დამყარების გზაზე, რეგიონში საქართველო, სიით შემდეგი იქნება?
– არა მგონია, რადგან თურქეთის ქმედებებიც შეზღუდულია. დიახ, თურქეთი ეხმარება და აზერბაიჯანის მხარეს დგას, მაგრამ თურქეთს არ აქვს პროექტებში და მიზნებში საქართველოში ყოფნა. მათ ამის ხედვა არ აქვთ. თურქეთი აქტიურია ყარაბაღში. იყენებს დრონებს, ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე დრონები და მფრინავი აპარატები თურქეთში მზადდება, მაგრამ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარ ქმედებებში ისინი არ არიან ჩართული.
აზერბაიჯანში არის რეგიონი – ჰერეთი, სადაც ქართული ეროვნების აზერბაიჯანის მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობენ, აქვს თუ არა საქართველოს ინფორმაცია, რა სიტუაციაა იქ? მონაწილეობენ თუ არა ჰერეთიდან ქართველები ომში?
– მე არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია. მაგრამ აზერბაიჯანის ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, ვფიქრობ, ჯარში მსახურობს, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, ჩართულნი არიან თუ არა სამხედრო ქმედებებში ქართველი ეროვნების აზერბაიჯანის მოქალაქეები, არ მაქვს.
როგორ შეიძლება განვითარდეს ომი?
– ვფიქრობ, რომ ომი დასრულდება და იქნება მოლაპარაკება. თუ ომი გაგრძელდება, ყველა ქვეყანას დაარტყამს, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ომში. ამიტომ მე ვთვლი, რომ მშვიდობა დაისადგურებს. ვინ გაიმარჯვებს- რთულია ამის თქმა. პროგნოზირება რთულია, მე ვთვლი, რომ კავკასიურ ომებში გამარჯვებული არ არის.
ქართველი მომხმარებლების კომენტარებში წავიკითხე მოსაზრება, რომ თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, ახალქალაქს შეიერთებს.
– ყველას გააჩნია საკუთარი გააჩნია. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს რეალურია. ამ დღეებში ძალიან ბევრია ჭორი და ძალიან ბევრია პროვოკაცია.
საქართველოდან ბევრი მომხმარებლის კომენტარებიდან გამომდინარე, ისინი უმეტესად აზერბაიჯანს უჭერენ მხარს, ვიდრე სომხეთს და მთიან ყარაბაღს, როგორ ფიქრობთ, რომელ მხარეს უჭერს მხარს საქართველო?
– ძირითადად, ვისაც მე ვესაუბრე, ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ყველა ამბობს, რომ მშვიდობა სურს. ნეიტრალიტეტის პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობიდან გამომდინარეობს. საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, მიუხედავად წარმოშობისა, ვფიქრობ, მშვიდობის მომხრეა.
საქართველოში რაოდენობის მიხედვით დიდი ეთნიკური უმცირესობაა, რომლებიც რეგიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ. არის თუ არა იმის საფრთხე, რომ სწორედ ისინი იქნებიან ომში ჩართულნი და კონფლიქტს საქართველოში გადმოიტანენ?
– ამ ეტაპზე მე არ ვთვლი, რომ მსგავსი საფრთხე არსებობს. მაგრამ ყველაფერი დაკავშირებულია ომის ხანგრძლივობაზე. მე არ ვთვლი, რომ სამხედრო ქმედებები დიდხანს გაგრძელდება. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებული პრობლემები არ იქნება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ.
რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მსგავსი კონფლიქტი თავიდან აიცილოს?
– კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, არ მაქვს. მაგრამ ვიცი, რომ დღემდე არ ყოფილა კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ისინი ბევრ სოფელში ერთად ცხოვრობენ.
თქვენ როგორ თვლით, იმოქმედებს თუ არა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოში არჩევნებზე საქართველოში?
– არა მგონია იმოქმედოს, რადგან არჩევნები-ეს საქართველოს შიდა საკითხია.