ახალი სასწავლო წელი საქართველოს სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებმა სომხურ ენაზე გამოცემული, ახალი წიგნებით დაიწყეს. თუმცა, ახალქალაქის რაიონის ზოგიერთ სკოლაში წიგნების უკმარისობა იგრძნობა.
ძველი, ბილინგუალური სახელმძღვანელოების ნაცვლად, სადაც 30% ქართულ ენაზე და 70% სომხურ ენაზე იყო, ისინი მთლიანად სომხურ ენაზე გამოცემული წიგნებით ისწავლიან.
უკვე მრავალი წელია საქართელო ეთნიკური უმცირესობების სკოლებში სახელმძღვანელოების პრობლემის მოგვარებას ცდილობს. წელს, როგორც იქნა, I-VI კლასის მოსწავლეებისათვის ახალი სახელმძღვანელოები სომხურ ენაზე გამოიცა.
სოფელ მერენიაში მოსწავლეების მშობლები ჩივიან, რომ ორი მოსწავლისათვის ერთი წიგნი და ერთი რვეულია გათვალისწინებული.
“სოფელში ძირითად პრობლემას ჩვენთვის განათლების დონე წარმოადგენს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დამატებით სამეცადინოდ დადიან, რათა ერევნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება შეძლონ. როდესაც ორი მოსწავლე ერთ წიგნს და ერთ რვეულს ღებულობს, როგორ ისწავლიან, წიგნების შემთხვევაში კიდევ შეიძლება გაგება, მაგრამ როგორ შეიძლება ორმა მოსწავლემ ერთი სამუშაო რვეული გამოიყენოს?”,- ამბობს აღშფოთებული მოსწავლის მშობელი.
სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ კახკციანი იწმუნება, რომ მათ სკოლაში მსგავსი პრობლემა ნამდვილად არის.
“დიახ, ამჟამად წიგნების უკმარისობა გვაქვს, წიგნები გასული წლის მოსწავლეთა მონაცემების თანახმად მივიღეთ. გარდა ამისა, წიგნების მხოლოდ პირველი ნაწილი მოგვივიდა, ისინი კი სამი ნაწილისგან შედგება. გასული წლიდან ამ წიგნებს ველოდებოდით, ამიტომ წიგნები მოსწავლეთა შარშანდელი რაოდენობის შესაბამისად მივიღეთ, მაგრამ წელს მოსწავლეების რაოდენობა შეიცვალა და გაიზარდა. ჩვენ წიგნების უკმარისობაზე განაცხადი შევიტანეთ, ვიმედოვნებთ, რომ შეასრულებენ. ჩვენ ასევე მე-7 კლასელებისთვის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები არ გვაქვს, არის ამ წიგნების ელექტრონული ვერსია, მაგრამ ეს ვერ აგვარებს პრობლემას”,- თქვა სკოლის დირექტორმა ანუშ კახკციანმა, ამავდროულად დაამატა, რომ მათ სკოლაში ასევე დედაენის სახელმძღვანელოს პრობლემა დგას.
სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორმა ჰოვანეს ჩახალიანმა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ახალი სიები უკვე წარადგინა.
“წიგნების უკმარისობა თითქმის ყველა საგანში გვაქვს. მე მათ მისაღებად განაცხადი შევიტანე, ვიმედოვნებთ, რომ წიგნებს მალე მივიღებთ”,- თქვა სკოლის დირექტორმა ჰოვანეს ჩახალიანმა.
ანალოგიურ პრობლემას წააწყდა სოფელ ოლავერდის სკოლაც.
“წიგნების არასაკმარისი რაოდენობა მოგვივიდა. შეიძლება ითქვას, რომ სახელმძღვანელოების უკმარისობა ყველა სკოლაში იგრძნობა”,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა გარნუკ ტაშიანმა.
“მე-6 კლასისათვის ბუნებისმეტყველების წიგნების უკმარისობა გვაქვს, ერთ მოსწავლეს არ შეხვდა, რისთვისაც განაცხადი შევიტანეთ. საშინელ მდგომარეობაშია მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნები. ჩვენ გვაქვს წიგნები, მაგრამ ისინი მთლიანად გაცვეთილია”,- განაცხადა, სოფელ ქარცეფის საშუალო სკოლის დირექტორმა მალხას მალხასიანმა.
სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორის, არარატ ელიზბარიანის თქმით, მათ არ აქვთ საკმარისი რაოდენობის წიგნი, მაგრამ მისაღებად უკვე მიმართეს.
“ჩვენ უკმარისობა გვაქვს, სკოლის დირექტორებთან თანამშრომლობით ერთმანეთს ვავსებთ, მაგრამ ვიცი, რომ ახალი წიგნები უნდა მივიღოთ და უკმარისობა შევავსოთ”,- დაამატა სკოლის დირექტორმა არარატ ელიზბარიანმა.
მიუხედავად ზოგიერთი ტიპოგრაფიული ხარვეზისა, ახალქალაქის რაიონის სკოლების დირექტორები, ახალად გამოცემული სახელმძღვანელოების ხარისხით, ზოგადად, კმაყოფილნი არიან.
“რაღაც მხრივ არის უკმაყოფილება, ტიპოგრაფიული ხარვეზებია, მაგრამ საერთო ჯამში ცუდი არ არის, არაუშავს. ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებია, რომლებსაც სომხეთიდან იშვიათად ვღებულობთ, და ჩვენს ბავშვებს არ ჰყოფნის. მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ბოლოს ორი წლის წინ მივიღეთ”,- აღნიშნა იხტილას საჯარო სკოლის დირექტორმა, ვანუჰი მალხასიანმა.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანი ამტკიცებს, რომ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები გასულ წელს მიიღეს, ხოლო საქართველოში გამოცემულ ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, მან თქვა შემდეგი:
“მშობლიური ენის სახელმძღვანელოები გასულ წელს მივიღეთ, ხოლო რაც შეეხება საბაზო სახელმძღვანელოების უკმარისობას- ჩვენ მათ რეგულარულად ვღებულობთ და სკოლებს ვურიგებთ. მივმართავთ სამინისტროს და ვღებულობთ, ისინი ჯერ პროცესშია. მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ზოგიერთ სკოლაში მეტია, ზოგიერთში ნაკლები, ამ პრობლემის მოგვარება სკოლებს ერთმანეთშიც შეუძლიათ”,- თქვა თერეზა ჩივჩიანმა.