სოფელი კარტიკამი, აბული, ტურცხი, იხტილა, ხანდო, დიდი სამსარი, პატარა სამსარი, მერენია, დადეში, ბარალეთი, ბავრა და ქალაქი ახალქალაქი ახალ სპორტულ ინვენტარს მიიღებენ. ამისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა.
ახალქალაქის მერიამ, 33 720 ლარის სპორტული ინვენტარის შეძენისათვის, ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ახალ სპორტულ ინვენტარს სოფელი კარტიკამი, აბული, ტურცხი, იხტილა, ხანდო, დიდი სამსარი, პატარა სამსარი, მერენია, დადეში, ბარალეთი, ბავრა და ქალაქ ახალქალაქი მიიღებენ. სპორტულ ინვენტარს მიიღებენ ის სოფლები, რომლებმაც საჭიროებისამებდ განაცხადი წარადგინეს. ახალი ინვენტარის შეძენის შემდეგ, 2018 წელს შეძენილი ინვენტარიც იქნება დანაწილებული.
სოფლები შემდეგ ინვენტარს მიიღებენ: კომპლექსური ტრენაჟორი, ტენისის მაგიდა, ფეხბურთის ბურთები, კრივის ხელთათმანები, განტელები, კრივის დიდი ტომარა და სხვა ინვენტარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სპორტული ინვენტარის შეძენისათვის, 2020 წლის მარტში, 32 200 ლარი გამოყო, თუმცა ტენდერი თავიდან ვერ შედგა, ხოლო შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო იქნა გადატანილი.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეების უფროსი ვალერი სტელმაშოვი ამტკიცებს, მათ ახლა მიიღეს ნებართვა, და ტენდერი, ზოგიერთი ცვლილების ჩართვით, თავიდან გამოცხადდა.
მისი თქმით, ინვენტარი სოფლებს შემდეგი პრინციპის შესაბამისად დაურიგდებათ:
“მაგალითად, სადაც განვითარებულია კრივი, იქ კრივის ინვენტარს დავარიგებთ, სხვა სოფელში სპორტის სხვა სახეობაა განვითარებული, მაშასადამე, შესაბამის ინვენტარს დავურიგებთ”.
ამ სოფლებს ინვენტარი 2018 წელს უნდა მიეღოთ, თუმცა ინვენტარის ზოგიერთი კომპლექტი არ იყო სრული და შესაბამისად არც დარიგებულა. ვალერი სტელმაშოვის თქმით, ორი წლის წინ შეძენილი სპორტული ინვენტარი მერიის შენობაშია. ძველი ინვენტარი ახალთან ერთად წელს დარიგდება.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 11 სოფლისათვის სპორტული ინვენტარის შეძენისათვის ტენდერი 2018 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ტენდერი კომპანია “ბოკარტმა” 19 579 ლარით მოიგო. თუმცა, ამ სოფლების უმეტესობას მოთხოვნილი სპორტული ინვენტარი დღემდე არ მიუღია. ტენდერ მოგებულმა კომპანიამ ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა და მხოლოდ ნაწილი ინვენტარი შეისყიდა. მაშინ კომპანია “ბოკარტის” დირექტორმა შოთა ტაბატაძემ თქვა, რომ კომპანია გაბანკროტდა, ამიტომ სამუშაო ბოლომდე ვერ შეასრულა.