ხვალ, 6 ოქტომბერს, 13:00 საათზე ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ყარაბაღის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ჯავახეთის მოსახლეობა სამშვიდობო დემონსტრაციას მოაწყობს და ყარაბაღის მხარდამჭერ მსვლელობას გამართავს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა JNEWS-თან საუბრისას აღნიშნეს, ჯავახეთი ყარაბაღს მხარში უდგას. ამ დღეების განმავლობაში ახალგაზრდა ადამიანები არ იშურებენ ძალას და ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა ყარაბაღს სხვადასხვა სახის მხარდაჭერა გამოუცხადონ.
“დღეს ჩვენი ვალია ჯარისკაცების მხარში დგომა, რომელიც სამშობლოს საზღვრებს იცავს. ჩვენ ყველანაირად უნდა ავიმაღლოთ ხმა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს ისტორიულ სამშობლოს”, – თქვა სამშვიდობო დემონსტრაციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში და წალკაში, უკვე, რამდენიმე დღეა ფულადი სახსრების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს. ფულის გარდა აგროვებენ პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს, წამლებს და სხვა. ახალქალაქიდან სომხეთში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული უკვე 10 სატვირთო მანქანაა გაგზავნილი.
ფულად დახმარებას რაც შეეხება, ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, საკმაოდ დიდი თანხა შეგროვდა, რომლის შესახებ ხვალ განაცხადებენ.
“ჩვენ ერთი დღით თანხის გადარიცხვა და შეჯამება შევაჩერეთ, რადგან ამ დღეებში, რამდენიმე სოფლის მოსახლეობა კარტოფილს ყიდის და თანხას მოგვიანებით გადმორიცხავენ. ამასთანავე რუსეთიდან რიცხავენ თანხად, მუდამ რეკავენ და დალოდებას გვთხოვენ. შეგროვილ თანხაზე დღეს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი, რომ საკმაოდ დიდი თანხა შეგროვდა, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. ყველას მოვუწოდებ, ხვალ მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო დემონსტრაციაში, რათა ჩვენ მოვახერხოთ ჩვენს ძმებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ჩვენ ზურგი უნდა გვყავდეს ძლიერი, რომ წინა ხაზზე მყოფებმა გაიმარჯვონ”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ყარაბაღში საომარი ქმედებების დაწყების დღიდან, 28 სექტემბრიდან, ახალქალაქის ახალგაზრდების ინიციატივით Facebook-ზე შეიქმნა გვერდი სახელით “ფონდი – ჯავახი”, სადაც ახალგაზრდა ადამიანები პირდაპირ ეთერში რეგულარულად წარადგენდნენ შემოწირულობებს, ყოველ შემოწირულობას მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვებოდა.
მხარდაჭერის სამშვიდობო აქცია დევიზით “ჯავახეთი ყარაბაღს გვერდში უდგას”, ახალქალაქის სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც მონაწილეები მსვლელობით სურბ ხაჩ ეკლესიისკენ გაემართებიან, სადაც ჩატარდება საერთო ლოცვა და სანთლებს დაანთებენ.