დღევანდელი მდგომარეობით, ახალქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა გამოვლენილი. Credo ბანკის ახალქალაქის ფილიალში დღეს კარანტინი გამოცხადდა, რადგან მის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 გამოუვლინდა. დანარჩენი ორი ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია.
Сredo ბანკის დაავადებული თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი. ბანკის ყველა თანამშრომელს დღეს, ტესტირება ჩაუტარდა, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
“პირველ ოქტომბერს, ჩვეულებრივი თერმოსკრინინგის დროს, ერთ-ერთ თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა. ის სახლში გაუშვეს და მალევე ტესტი გაუკეთეს. თანამშრომელს ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა ღონისძიების დროს. ტესტი იყო დადებითი, შესაბამისად, ყველა გავუშვით, ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება. როდესაც ყველა ღონისძიება დასრულდება, უფლებას მოგვცემენ და ფილიალი მუშაობას განაახლებს. ბანკის სარეზერვო თანამშრომლები იმუშავებენ”, – აცხადებენ Сredo ბანკის ცენტრალურ ოფისში.
კორონავირუსით ინფიცირებული თავს ნორმალურად გრძნობს.
“დილით სიცხე არ მქონდა, ახლა დაახლოებით 38 გრადუსი მაქვს, ამჟამად ხველება აღარ მაქვს, უბრალოდ ფარინგიტი და ყელში უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. არ ვიცი, საიდან დავინფიცირდი. არც ფეხმძიმე ქალბატონთან მქონდა კონტაქტი და ბათუმშიც არ ვყოფილვარ. მხოლოდ იმ ქალის ახლობლებთან მქონდა ურთიერთობა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა მათი ტესტი უარყოფითი იყო. ჩემი 2,5 წლის შვილის ტესტის შედეგიც უარყოფითია. ჩემი ოჯახის წევრებს გაუკეთეს ტესტი, პასუხს ველოდებით. ჩემთვის გაურკვეველია, როგორ და ვისგან გადმომედო”, – თქვა პაციენტმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის ინფორმაციით, ტესტირება Сredo ბანკის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ტესტირების დროს არავის ჰქონია მაღალი ტემპერატურა.
“ტესტირება უკვე დავასრულეთ, პასუხები ორ-სამ დღეში იქნება”, – თქვა მან.
ბანკის შენობაში სადეზინფექციო ღონისძიებები ჯერ არ ჩატარებულა, და ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ჯერჯერობით არ იციან, ვინ ჩაატარებს.
ახალქალაქში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 ოქტომბერს, ახალქალაქის მცხოვრებს დაუდგინდა, რომელმაც დილით, ახალქალაქის საავადმყოფოში იმშობიარა. ქალის ახლობლებს და მედპერსონალს ტესტირება ჩაუტარდა. მათგან, მხოლოდ მეუღლეს დაუდგინდა COVID-19, დანარჩენების ტესტის შედეგი უარყოფითი იყო.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალქალაქის სამივე მცხოვრები ამჟამად თბილისის კლინიკაში იმყოფება. ახალქალაქში კიდევ 38 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.