ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში გაჩნდა იმედი, რომ ორი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი ამუშავდება. სოფლის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე ჩატარდა, სადაც კომპანია “გარიკ-111”-მა გაიმარჯვა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში სკოლამდელი ასაკის დაახლოებით 40 ბავშვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა ორი წლის წინ დასრულდა, თუმცა დღემდე არ ამოქმედებულა.
წლეულს საკრებულომ 19 675 ლარი გამოყო, რათა სოფელ სულდას საბავშვო ბაღის პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს. ახალქალაქის მერის წარმომადგენელი სოფელ სულდაში, ზარზანდ კუჯოიანი აცხადებს, რომ ტენდერი უკვე შედგა, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
მისივე ინფორმაციით, ბაღში, რამდენიმე ადგილას, იატაკის საფარი დაზიანდა, რომლის გარემონტებაა საჭირო. ასევე, უნდა გამონტაჟდეს ტუმბოები და რეზერვუარი, რათა საბავშვო ბაღი წყლით მომარაგდეს. აუცილებელია საქვაბისთვის ღუმელის შეძენა.
“ამჟამად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები, რამდენიმე დღეში დაიწყება”,- ამბობს ის.
სოფლების – სულდასა და კოჩიოს საბავშვო ბაღების გარემონტებაზე ტენდერი 15 სექტემბერს გამოცხადდა, რომლის საერთო თანხა 29 805 ლარს შეადგენდა. ტენდერი კომპანია “გარიკ-111”-მა 24 998 ლარით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, სოფელ სულდაში, საბავშვო ბაღის შენობა კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ბაღი წყლისა და გათბობის არარსებობის გამო არ გახსნეს. 2019 წლის 9 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც შენობაში წყლის პრობლემაზე ისაუბრეს და საქვაბისთვის ღუმელის შესაძენად 12 500 ლარის გამოყოფა გადაწყდა. როგორც სოფელ სულდაში მერის წარმომადგენელი ზარზანდ კუჯოიანი ირწმუნება, შარშან, 2019 წელს ბაღში არავითარი სამუშაო არ ჩატარებულა.
როგორც ამას წინათ მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა გვაცნობა, 2019 წელს გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი ამ სამუშაოების ჩასატარებლად, რის გამოც, რემონტი არ დაიწყეს.
საბავშვო ბაღის გარემონტებული შენობის ხელახლა გასარემონტებლად 12500 ლარი გამოიყო
სულდაში საბავშვო ბაღი კი არა, ფინანსური ხვრელია