ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები ჩივიან, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის ახალაშენებულ გზაზე ნაპირის დამცავი ბარიერები არ დაყენდა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა.

ახალი გზა მიწის დონიდან ბევრად ზემოდ და მკვეთრი დაღმართებით არის აშენებული, ასევე არ არსებობს მეტალის ბარიერული შემოღობილობა- მძღოლების აზრით სწორედ ამ მიზეზით, ბოლო დროს ანალოგიური ავტოსაგზაო შემთხვევები თითქმის ყოველ დღე ხდება.

1

ამჟამად ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე სარემონტო სამუშაოები ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია, ახლა მეორე ფენა იგება. თუმცა, მეტალის შემოღობილობა ჯერ არ არის გამართული.

2

კომპანია “ჯავახ ავტო გზის” დირექტორის, ნოდარ ინასარიძის თქმით, ყველაფერი პროექტის თანახმად კეთდება.

“ახლა სამუშაოები გრძელდება, ზოგიერთ ადგილას დამცავი ბარიერები უკვე დამონტაჟებულია, ისინი იქნება ყველგან, სადაც პროექტის მიხედვით არის გათვალისწინებული”,- ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდა გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ივლისში დაიწყო. ტენდერი 19 038 910 ლარით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 18 აპრილს იყო გამოცხადებული. ტენდერი მოიგო კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა 14 749 992,92 ლარით, თუმცა სარემონტო სამუშაოებს კომპანია-ქვეკონტრაქტორი “ჯავახ ავტო გზა” ახორციელებს. საერთო ჯამში რეაბილიტირებული იქნება 16კმ გზა ახალციხე-ნინოწმინდა მაგისტრალის 86 კმ-დან 70 კმ-მდე.