საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში სულ კორონავირუსით 23 პაციენტია გარდაცვლილი. აქედან ბოლო დღე–ღამეში სამი გარდაიცვალა. ერთი აჭარაში – 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ინსულტის დიაგნოზი ჰქონდა დასმული და 80 წლამდე ქალი ქუთაისის კლინიკაში (ასევე აჭარიდან იყო გადაყვანილი), რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3695-ს მიაღწია, აქედან ბოლო 24 საათში გამოვლინდა 218 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა სულ 1574 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.