ქალაქს დაშორებული, მაღალმთიანი სოფლის, ოლავერდის მოსახლეობა დღეს, ახალქალაქის მერიის შენობასთან პროტესტის აქციით მივიდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მსგავსად, რომლებიც მესაქონლეობით არიან დაკავებული, სოფელ ოლავერდის პრობლემები საქართველოს სხვა რეგიონების მომთაბარე მწყემსებთან არის დაკავშირებული.
ოლავერდის მოსახლეობის თქმით, საქართველოს სხვა რეგიონებიდან საქონლის გადამრეკ მწყემსებთან დაკავშირებული პრობლემები დიდი ხანია არსებობს, თუმცა ბოლო წერტილი გახდა ის, რომ უკვე 7 დღეა სოფელში წყალი არ არის. მიზეზი, დაზიანებული წყალგაყვანილობაა, რომლის მეშვეობითაც მაღლა მთებში მდებარე ლევანის ტბიდან წყალი სოფელს მიეწოდებოდა. ოლავერდის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ამ სიმაღლეზე მხოლოდ სხვა რეგიონის მომთაბარე მწყემსები იქნებიან, რომლებიც მიწას საძოვრებისთვის ქირაობენ. მათი თქმით, წყალგაყვანილობის ხაზი გახვრიტეს, რათა საქონელს წყალი დაალევინონ. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მოსახლეობამ წყალგაყვანილობის დაზიანების ფაქტზე პოლიციას მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
თუმცა, მოსახლეობის უკმაყოფილება ასევე მომთაბარე მწყემსების მიერ ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევასთან და მათ ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი საქონლის გადარეკასთან არის დაკავშირებული.
ასევე, დაკეტილი საზღვრების გამო სხვა პრობლემაc იკვეთება- უკმაყოფილება დაკავშირებულია უმუშევრობასთანაც. რადგან სამუშაო არ არის, სოფლის მოსახლეობა მხოლოდ მესაქონლეობით არის დაკავებული. აღნიშნული სოფელი მდებარეობს მთებში, და ოჯახის რჩენისათვის პრაქტიკულად სხვა ვერაფერს აკეთებენ. მოსახლეობას ასევე ეშინია, რომ წყალგაყვანილობის დაზიანებისას, მთელი სოფელი დაუცველი ხდება, რადგან ამ წყალს მთელი სოფელი იყენებს. სოფელ ოლავერდის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას აფრთხილებს, თუკი ეს საკითხი არ მოგვარდება, ისინი ან ახალციხისაკენ მიმავალ გზას გადაკეტავენ, ამ მთელი სოფლით მომთაბარე მწყემსებს თავად გაყრიან.
აღნიშნული პრობლემებით ისინი ახალქალაქის მერიის ეზოში შეიკრიბნენ და მოგვიანებით ქალაქის მერს, იურიკ უნანიანს შეხვდნენ. თავის მხრივ, ახალქალაქის მერი, წყალგაყვანილობის დაზიანების საკითხით დაკავებას და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საკითხის მოგვარებას კანონის ფარგლებში დაპირდა.
“მე უკვე გავიგე პრობლემა რაში მდგომარეობს. ეკონომიკის განყოფილებიდან ავიღებთ ხელშეკრულებას და ვნახავთ, ვისთან არის ის გაფორმებული. როგორც მე ვიცი, ამ ორ დღეში საქონლის მეპატრონე უნდა ჩამოვიდეს, რომელმაც ბავშვები მიიყვანა სკოლაში. გამორიცხულია ჩხუბი, კამათი- ეს ჩვენს მოსახლეობას არ შეჰფერის. თუ ვინმე დაშავდა, რა გვეშველება მერე? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. თუ ისინი ხელშეკრულების პირობებს არღვევენ, ჩვენ ქირავნობის ხელშეკრულება შეგვიძლია გავანულოთ. ეს მიწა 10 დღით იყო აუქციონზე გამოტანილი. თქვენ უნდა გესმოდეთ, ეს მიწა ამ ადამიანთან როგორ აღმოჩნდა. ერთ ჰექტარზე 60-70 ლარს იხდიან. ეს ბიუჯეტისთვის დიდი შემოსავალია. თანხა ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ უფრო სოფელზე ვღელავთ. ჩვენ პოლიციამ გვითხრა, რომ ეს ადამიანი გამოიძახეს. ამ შეხვედრას აუცილებლად უნდა დავესწრო. ჩვენ ყველაფერს კანონის ფარგლებში ვაკეთებთ, სხვა გზა არ არის”,- თქვა ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა.