საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე.
მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 165 გახდა.
ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევა ახლა ათასზე ნაკლებია. ასამდე ასიმპტომური პაციენტი საკარანტინო სასტუმროებში მოთავსდა. ხუთი მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია, 30-ს კრიტიკული მდგომარეობა აქვს.
საქართველოში კორონავირუსული ინფექციით აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რიცხვი თებერვალში, ეპიდემიის დასაწყისიდან, 2 392 იყო. 19 ადამიანი გარდაიცვალა.