ახალქალაქში, სახელმწიფო დანიშნულების მაგისტრალი – ჯავახეთის ქუჩა, უკვე მრავალი წელია მძიმე მდგომარეობაშია. განიერი და ღრმა ორმოები ქუჩის დასაწყისიდან იწყება და ბოლომდე გრძელდება. აღნიშნული ქუჩა ახალციხე-ნინოწმინდის მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.
ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობის საჩივარზე პასუხისმგებელი პირები გვპირდებიან, რომ ქუჩის რეაბილიტაცია ახლო მომავალში დაიწყება, თუმცა კონკრეტულად, როდის და მაგისტრალის, რომელი ნაწილის გარემონტება იგეგმება, პასუხის გაცემა უჭირთ. მოსახლეობის საჩივრის შედეგად, ორმოები გაასწორეს, დაფარეს ხრეშით, რამაც კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია. ჯერ ერთი, თოვლის დნობის შედეგად ხრეში ქუჩაზე გაიშალა. მეორე, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები ხრეშის კენჭებს ისვრიან, რის გამოც ზიანდება სახლების ფანჯრები, ან ქუჩაში გაჩერებული ავტომობილები.
ჯავახეთის ქუჩაზე ყოველდღიურად ბევრი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობას. დაზიანებული გზის საფარის გამო, უკმაყოფილონი არიან მძღოლებიც. ორმოებისთვის გვერდის ავლის მიზნით, საპირისპირო ზოლზე გადადიან, რის გამოც, ძალიან ხშირად იქმნება საავარიო ვითარება.
როგორც თავშიც აღვნიშნეთ, ჯავახეთის ქუჩა ახალციხე-ნინოწმინდის მაგისტრალის ნაწილია და ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ემსახურება, ხოლო მის დასუფთავებასა და რემონტზე კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ზრუნავს.
კომპანიის დირექტორის ჯაბა ძირკვაძის განმარტებით, აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. ქუჩაზე არსებული ორმოების ამოვსება კომპანიამ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში განახორციელა.
“რადგან ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლების თხოვნით, ჩვენ ქუჩის ორმოები ხრეშით დავფარეთ”, – აცხადებს ჯაბა ძირკვაძე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რამდენიმე დღიანი სატელეფონო ზარების შედეგად, შევძელით გაგვერკვია, რომ ჯავახეთის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება. თუმცა, კონკრეტულად როდის და მაგისტრალის რომელი ნაწილი იქნება რეაბილიტირებული, დეპარტამენტის ტენდერების განყოფილების თანამშრომლებმა ვერ გვითხრეს, ხოლო სარეაბილიტაციო განყოფილების თანამშრომლებმა 3 დღის განმავლობაში, სატელეფონო ზარზე არც კი გვიპასუხეს.