საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. თუმცა ცესკოს თქმით, ადმინისტრაცია იმდენად მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 000-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა. განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად.
“უშუალოდ შენობაში საბუთების წარდგენისას მკაცრად იყო დაცული რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და ცესკოს დადგენილებით გაწერილი მოთხოვნები. მათ შორის თერმოსკრინინგი, დისტანცია, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და დეზობარიერები. ამასთან, დადგენილებით ასევე მოთხოვნილია სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება და დღეში რამდენჯერმე ბუნებრივი ვენტილაცია. ადგილზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საბუთების წარდგენის პერიოდი არ აღემატებოდა 15 წუთს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოსვე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2075-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 1363 ადამიანი. გარდაცვლილია 19.