გუშინ, 8 სექტემბერს, “პატრიოტთა ალიანსმა” ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახით, პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უცნობი პიროვნების, არტაშეს ჰაკოპიანის შესახებ გამოაცხადა. მის წარდგენაზე და სამომავლო გეგმებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი JNEWS-თან ინტერვიუში ყვება.
რატომ “პატრიოტთა ალიანსი”?
– მე პარტიის პროგრამა შევისწავლე, ეს პროგრამა მომეწონა. ეს ის პარტიაა, რომელიც საზოგადოების სახელით საუბრობს- ეს პირველ რიგში. ამ პარტიას სურს, რომ ჩვენთან საქართველოში ძლიერი ჯარი იყოს, რომ ჩვენი ჯარით ვიცხოვროთ და მთლიანად უსაფრთხოდ ვიგრძნით თავი. იმედი მაქვს, რომ თუკი ჩვენი საზოგადოება მე ამირჩევს, მე მათ მოთხოვნებს პარლამენტში წარვადგენ.
კონკრეტულად რა მოთხოვნებს გულისხმობთ?
– მე თვითონ სოფლის მცხოვრები ვარ. ხოლო სოფლის მოთხოვნებია – წყალი, გზა, ბუნებრივი აირის გაყვანილობა.
აქამდე გქონდათ თუ არა პოლიტიკური კარიერა?
– არა. მე სოფლის მეურნეობით, მესაქონლეობით ვარ დაკავებული.
ფლობთ თუ არა სახელმწიფო ენას?
– ძალიან კარგად ვერ ვფლობ ქართულ ენას.
მაშ, ასეთ შემთხვევაში, როგორ აპირებთ პარლამენტში რეგიონის პრობლემების წარდგენას?
– ჩვენ შეგვიძლია წარდგენა. არსებობს სხვადასხვა ხერხი. პირველ რიგში, თუ იქამდე მივედით, მეტნაკლებად ვიცი ქართული ენა, მაგრამ შესანიშნავად არა. მე თვითონ ვეცდები ამ მოკლე დროის მონაკვეთში აღვიქვა ის. აუცილებელია ენის აღქმა- ეს კარგი იქნება, პირველ რიგში, ჩემთვის.
როგორ აფასებთ თქვენს შანსებს? თქვენზე უფრო მყარი პოლიტიკური კანდიდატებიც არიან.
– ვერ გეტყვით. ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ვერ ვიქნები დარწმუნებული იმაში, რომ მე ერთადერთი ვარ ასეთი. თუკი მოსახლეობა ამირჩევს, მაშინ შევძლებ იმის თქმას, რომ კარგი შანსები მქონდა. მაგრამ ახლა დასკვნების გასაკეთებლად მზად არ ვარ.
დაიწყეთ თუ არა წინასაარჩევნო კამპანია?
– ჯერ არ დაგვიწყია, ამ ორ დღეში დავიწყებთ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აგიტაციით ყველა სოფელს მოვივლით. ამჟამად პლაკატების დაბეჭდვის პროცესში ვართ. ველოდებით.