მმართველი პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილებას (PVT) და აღნიშნავს, რომ PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე მათ თავიდანვე შეიტანეს ეჭვი ამ მონაცემების კორექტულობაში.
კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს, რომ ისინი „გულისყურით მოეკიდნენ მათ შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით”. როგორც კობახიძე ამბობს, მათ მიერ უცხოელი პარტნიორების ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აღნიშნული დაზუსტებული მონაცემები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სირცუე და სპეკულაციაა. გთავაზობთ მის განცხადებას:
„ISFED-ის მიერ 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებში (PVT) პირველად დაფიქსირდა არსებითი გადახრა ცესკოს შედეგებიდან, რაც ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა.
კერძოდ, PVT-ის თანახმად ფისქირდებოდა 2.4%-იანი გადახდა „ქართული ოცნების” შემთხვევაში, რის საფუძველზე რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.
PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე ჩვენ თავიდანვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის შესახებ ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფიგზეც.
მადლობა მინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს, იმისთვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა. უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად გამჭვირვალედ და მოკლე ვადებში იქნეს შესწავლილი. ცესკოს მონაცემებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სირცუე და სპეკულაციაა”, – განაცხადა კობახიძემ.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48,22% მიიღო. იმავდროულად, ISFED– ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, ქართული ოცნების მაქსიმალური შედეგია 48,3%, მინიმალური კი 46,9%. ამრიგად, ISFED– ის პარალელური გაანგარიშების შესწორებული შედეგები, შეცდომის ხარისხის გათვალისწინებით, ემთხვევა ცესკოს საბოლოო შედეგებს. ამავდროულად, ორგანიზაციის მიერ 1 ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური გაანგარიშების შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” მაქსიმალური შედეგი იყო 46,5%, ხოლო მინიმალური – 45,1%.