ხვალიდან იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ ე.წ. სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. გვესმის, რომ ეს დისკომფორტს შეუქმნის ადამიანების ნაწილს, მაგრამ ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. დახურულ სივრცეებში ეს შეზღუდვა ახლაც მოქმედებს, ხვალიდან კი ის ღია სივრცეებზეც გავრცელდება“ , – განაცხადა მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ შეიზღუდოს კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200 – ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.
მისივე თქმით, შესაბამისი სანქციები მოქმედებს რეგულაციების შეუსრულებლობის გამო.
”ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა”, – თქვა მეზვრიშვილმა.
შესაბამისად, თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები 1-ლი ნოემბრიდან გაიხსნება.
“ეს ობიექტები 15 სექტემბრიდან და 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მათი გახსნა 1 თვით გადაიდო. შესაბამისად, თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები 1-ლი ნოემბრიდან გაიხსნება,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.