„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISEF) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშში ნინოწმინდაც აღმოჩნდა.
აღნიშნული ანგარიშის თანახმად აგვისტოში, ნინოწმინდის მერიაში თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით მასობრივად გაათავისუფლეს. “ჯამში სამსახური, ამა თუ იმ მიზეზით, 29 ადამიანმა დატოვა, კერძოდ, 22 თანამშრომელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო კიდევ 6-მა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.
ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, წასვლის თაობაზე განცხადება 70 წელს გადაცილებულმა თანამშრომლებმა დაწერეს, რომელთაც, “ხშირად უწევდათ ექიმებში სიარული და ბიულეტენების დაწერა”.
სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ განცხადება სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით დაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებები პოლიტიკური ხასიათისაა, განსაკუთრებით მერის წარმომადგენლების შემთხვევაში, რადგან მათი უმეტესობა ღიად უჭერდა მხარს ენზელ მკოიანს და მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, შესაძლოა, მმართველ პარტიას ამ სოფლებში პრობლემები შექმნოდა.
თუმცა, ისინი ღიად ლაპარაკს არ აპირებენ. მერის რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა მკოიანის მხარდამჭერ გადაცემაში, რომელიც ტელევიზია „ფარვანაში“ გავიდა. მოგვიანებით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განაცხადა სპორტსკოლის დირექტორმა ანდრანიკ კარსლიანმაც, რომელიც, ასევე, მკოიანის ახლო მეგობარია”,- ნათქვამია ანგარისში.