საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ გააკეთებს განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე. შესაბამისი პოსტი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.
ამჟამად, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, იგი მაისიდან, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ხელისუფლებაში, რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
სააკაშვილი 2004 წლის იანვრიდან 2013 წლის ნოემბრამდე საქართველოს პრეზიდენტი იყო. მან ქვეყანა მეორე საპრეზიდენტო ვადის სრულად დასრულებისთანავე დატოვა. უკვე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს, სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და პოლიტიკური ოპონენტების დევნაში დაედო ბრალი. მის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთაგან ორზე დღეისათვის განაჩენი არის გამოტანილი.
ყოველ ჯერზე, ”ქართული ოცნების” ლიდერები და მთავრობის წევრები ამგვარ განცხადებებზე ძალიან მკაცრად რეაგირებდნენ. ექს-პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს ჩამოერთვა, პატიმრობა ემუქრება.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ოფიციალური პროცედურის თანახმად, არჩევნებში ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ასახელებს. ამ კანდიდატურის წარუმატებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს. ახალი არჩევნები არ ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს შეუძლია ორი კვირის განმავლობაში დაასახელოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პარლამენტის წევრთა 1/3 რაოდენობა წარმოადგენს.